Monster: The Jeffrey Dahmer Story (მონსტრი: ჯეფრი დამერის ამბავი) — ახალი სერიალი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელზე მოგვითხრობს, ნეტფლიქსზე გამოვა, მისი შემქმნელი კი საკულტო რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი რაიან მერფი იქნება.

Deadline-ის მიხედვით, სერიალში ნაჩვენები იქნება პოლიციის უმოქმედობა და არაკომპეტენტურობა, რაც სერიულ მკვლელს 13 წლის განმავლობაში დანაშაულის ჩადენას უმარტივებდა. მასალებში დაახლოებით 10 შემთხვევაა, როცა ჯეფრი დამერი თითქმის დაიჭირეს, თუმცა საბოლოოდ მაინც გაუშვეს. Monster: The Jeffrey Dahmer Story, სავარაუდოდ, ამერიკაში თეთრკანიანების პრივილეგიის პრობლემასაც შეეხება, რადგან დამერი, მარტივად უძვრებოდა კანონს თავისი გარეგნობისა და მოწესრიგებულობის გამო.

დამერის მამის როლს რიჩარდ ჯენკინსი შეასრულებს. ლაიონელ დამერი ქიმიკოსი იყო და სწორედ მან ასწავლა შვილს ბავშვობაში მკვდარი ცხოველების ქლორში მოთავსება და ძვლების გასუფთავება.

თავად ჯეფრი დამერის როლის შემსრულებელი რაიან მერფსა და სერიალის თანაშემქმნელს, იან ბრენანს ჯერ არ შეურჩევიათ. სერიალში მთავარი ქალი პერსონაჟი გლენდა კლივლენდი იქნება — აფროამერიკელი ქალი დამერის მეზობელი იყო და წლების განმავლობაში ცდილობდა პოლიციის ყურადღების მიპყრობას მის შესაძლო დანაშაულებზე, თუმცა უშედეგოდ.

სერიალის პლოტს Mindhunter-ის ერთ-ერთი რეჟისორი კარლ ფრანკლინი გადაიღებს, ხოლო Pose-ის ჯანეტ მოკი რამდენიმე ეპიზოდს დაწერს და გადაიღებს.

ჯეფრი დამერი სასამართლო სხდომაზე. ვისკონსინი. 1991 წლის 22 აგვისტო.

ფოტო: Allan Y. Scott — AP / Shutterstock

დამერმა 17 ადამიანი მოკლა, გააუპატიურა, დაანაწევრა და მათი სხეულის ნაწილები შეინახა. ყველა მათგანი მამრობითი სქესის იყო. ის მსხვერპლს სახლში იტყუებდა, ნარკოტიკით აბრუებდა, რის შემდეგაც მათზე ძალადობდა და კლავდა. მისი ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 14 წლის ემიგრანტი, კონერაკ სინტასომფონი იყო, რომელმაც დაჭრილმა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გაქცევა შეძლო, თუმცა მას შემდეგ, რაც დამერმა პოლიციელები დაარწმუნა, რომ ის მისი 19 წლის შეყვარებული იყო, პოლიციამ ის უკან დააბრუნა. კონერაკი დამერმა იმ ღამით მოკლა. დაახლოებით 10 წლით ადრე, დამერის მსხვერპლი აღმოჩნდა კონერაკის ძმაც, რომელმაც ასევე შეძლო გაქცევა. მაშინ დამერი სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი წლით დააპატიმრეს, თუმცა ეს პერიოდი მან პრობაციაში გაატარა.

საბოლოოდ დამერი 1991 წელს დააპატიმრეს, როდესაც გამოქცეულმა მსხვერპლმა პოლიციელებს მის სახლში დანაწევრებული გვამების ფოტოები აჩვენა. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 1994 წელს დამერი თანამესაკნემ ცემით მოკლა.

სერიალის გადაღება 2021 წლის იანვარში დაიწყება. მერფის უკანასკნელი სერიალი, Ratched, ნეტფლიქსზე ნახვების ოდენობით მსოფლიო მასშტაბით ლიდერობს. სერიალი კენ კიზის წიგნის, ვიღაც გუგულის ბუდეზე გადაფრინდა, გმირის მილდრედ რეჩედზე გვიყვება.

ამავე თემაზე: