შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციიღ, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.