სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სირიის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეიარაღებული ფორმირებები თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ საქართველოს გავლით გადაადგილდებიან, სიცრუეა. ამის შესახებ ბესიკ ლილუაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით გაიმართა.

ლილუაშვილის თქმით, ამ ტიპის ინფორმაციების მიზანია, ხელი შეეშალოს მშვიდობიან თანაცხოვრებას.

"კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ გავრცელებულ ინფორმაციას მებრძოლების გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას", — აცხადებს ლილუაშვილი.

მისივე თქმით, სუს-ი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

"ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე, რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები", — აღნიშნა ლილუაშვილმა.