ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ არ აპირებს მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინს "ოკუპანტი" ეძახოს. მას ჰგონია, რომ ტონის შერბილებით ის უფრო მეტ შედეგს მიაღწევს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"პუტინს რომ შევხდეები, რა ვუთხრა, როგორ მივესალმო? თქვენ რა გინდათ, პუტინს რომ შევხვდები, რა ვუთხრა, აი, შენ რომ ოკუპანტი ხარ, იმიტომ ჩამოვედი, რომ გელაპარაკო და ქვეყნიდან გაგაგდო შენი ჯარიანა-თქო? ასე იწყება, თქვენი აზრით? [...]

...მე არ ვიგინები ზოგადად და ზუსტად იმიტომ, რომ არ ვიგინები და ვარ დიპლომატი და ვარ პოლიტიკოსი, ზუსტად ამიტომ არ შევაგინებ არც პუტინს და არც სხვას, ვინც არ უნდა იყოს. ზუსტად ამიტომ, მოლაპარაკებაზე ჩასული "შენ ოკუპანტო-თქო" ასე არ დავიწყებ მოლაპარაკებას და შედეგსაც მივაღწევ. ვინც იძახდა ოკუპანტი, ოკუპანტიო, თვითონ გაქცეულია და საქართველოს ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს", — განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც იგი ამბობს, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას დიპლომატიით აპირებს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს გაწევრიანება NATO-ში შეუძლებელია.

ნინო ბურჯანაძე 2001-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი იყო. აგვისტოს ომის შემდეგ ის ერთ-ერთი პირველი ქართველი პოლიტიკოსი იყო, ვინც რუსეთში გაემგზავრა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ NATO-ში შესვლის წინააღმდეგია.

ბოლო ვიზიტი რუსეთში, რომელიც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ნინო ბურჯანაძემ 2019 წლის დეკემბერში განახორციელა. მაშინ იგი სერგეი ლავრობის ერთ-ერთ მინისტრს შეხვდა.