პანდემიის დროსაც კი Stranger Things-ს ფანებისთვის სიურპრიზი აქვს.

მეოთხე სეზონზე მუშაობა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული გართულებების გამო შეწყდა, ახლახან კი სერიალმა Twitter-ზე გადაღებების განახლება გვამცნო:

"ამასობაში თავდაყირა [სამყაროში]..."

სერიალების შემქმნელებმა მეტ და როს დაფერებმა დაადასტურეს, რომ დევიდ ჰარბორი ჰოპერის როლში დაბრუნდება, რომელიც მესამე სეზონის ფინალის აფეთქების შემდეგ ფანებს დაღუპული ეგონათ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ის რუსი აგენტების მიერ დატყვევებული იდუმალი "ამერიკელი" იყო.

"[ჰოპერი] სახლისგან შორს იმყოფება და კამჩატკის თოვლიან უდაბურ მიწებზეა დატყვევებული, სადაც ის გადაეყრება საფრთხეებს, როგორც ადამიანურს... ისე სხვას. ამასობაში კი შტატებში ახალი საშინელება ავლენს თავს — რაღაც, რაც დიდი ხნის განმავლობაში დამარხული იყო, რაც ყველაფერს აკავშირებს... მე-4 სეზონი ყველაზე დიადი და საზარელი იქნება და ერთი სული გვაქვს, როდის ნახავს მას ხალხი. მანამ კი, ილოცეთ ამერიკელისთვის", — განაცხადა დაფერმა ადრე.

ძმებმა დაფერებმა ასევე თქვეს, რომ მეოთხე სეზონში იქნება ახალი ამბავი, რომელიც "ჰოკინსის არეალის გარეთაც გააჩენს სიუჟეტურ ხაზებს".

ჰარბორმა ცოტა ხნის წინ Total Film-თან საუბრისას განაცხადა, რომ დაფერები ჰოპერის "გენდალფივით გაცოცხლების იდეით ყოველთვის იყვნენ დაინტერესებულნი. შეგეძლებათ, 1-ლ სეზონს თავიდან გადახედოთ და ბევრ რამეს დაინახავთ, რაც ამას უკავშირდება".