ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით,120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

ცოტახნის წინ მაშველებმა, ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გუშინ ღამით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. სავარაუდოდ, სახლში 5 ადამიანი იყო, მათ შორის არასრულწლოვანი. ასევე, მიწის მასამ გზაზე მდგომი მანქანა მოიყოლა, სადაც სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა იჯდა.