კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პროცესების გამო მოსალოდნელია არასრულწლოვანი გოგოების ქორწინების რიცხვის ზრდა მსოფლიოში. ამის შესახებ Save the Children-ის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვანი გოგოების ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ აზიაშია მოსალოდნელი(191,200), შემდეგ დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში(90,000). ევროპასა და შუა აზიაში კი არასრულწლოვანი გოგოების ქორწინების მოსალოდნელი რიცხვი არის 37 200.

ქალები და გოგოები პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიმართ უფრო მოწყვლადები არიან. COVID-19-მდეც კი, ყოველწლიურად 12 მილიონი გოგო ქორწინდებოდა ბავშვობის ასაკში, 15-19 წლის ყოველი მეოთხე გოგო არ სწავლობდა და არ მუშაობდა. ბიჭების შემთხვევაში ეს რიცხვი 10%-ს შეადგენდა.

პანდემიამდე, მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მესამე ქალი და გოგო ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქვეყნების 60%-ში მემკვიდრეობის მიღებისა და საკუთრების უფლების კუთხით, გოგოები დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იყვნენ. მიიჩნევა, რომ პანდემია ამ მძიმე მაჩვენებლებს გააღრმავებს.