პანდემიით გამოწვეული გაზრდილი გლობალური შფოთვის პირობებში დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში არსებულმა ბედნიერების კვლევის ინსტიტუტმა მსოფლიოს პირველი მუზეუმი გახსნა, რომელიც ბედნიერებას ეძღვნება — გრძნობას, რომელიც ახლა, ცოტა არ იყოს და, წარმავალია. თუმცა ეს, ალბათ, უფრო ნაკლებად გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ მუზეუმი დანიაში იხსნება, რომელსაც მეორე ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსი აქვს.

"ბედნიერებას ყველანი ვეძებთ, მაგრამ, შესაძლოა, არასწორ ადგილებში. ჩვენ, როგორც საზოგადოებები, ნელ-ნელა ვმდიდრდებით, თუმცა უფრო მეტად გაბედნიერებას ვერ ვახერხებთ. შესაბამისად, ბედნიერების კვლევის ინსტიტუტმა გადაწყვიტა, შეექმნა მუზეუმი, სადაც ბედნიერებას გააცოცხლებდა", — წერია ბედნიერების მუზეუმის საიტზე.

მუზეუმისთვის 240 მ2 ზომის დაწესებულება კოპენჰაგენში 14 ივლისს გაიხსნა.

მუზეუმი შედგება რვა ოთახისგან, რომელიც ბედნიერების ბუნების განსხვავებულ თეორიებს ეძღვნება. ერთ-ერთ ექსპონატთან სტუმრებს "გამოცდილების მანქანიდან" უწევთ არჩევა — მანქანა მომხმარებლებს ულევი, თუმცა წარმოსახვითი, სიამოვნებითა და ნამდვილი სამყაროთი უზრუნველყოფს, რომელიც ტკივილსა და ტანჯვას მოიცავს. სხვა ექსპონატებს შორისაა ოთახი რუკებისა, რომლებზეც მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი და უბედური ქვეყნებია ნაჩვენებია; ბედნიერების ლაბორატორია, ბედნიერების ისტორიის მიმოხილვა და იმის ახსნა, თუ რატომ ხვდებიან დანია და სხვა ჩრდილოური ქვეყნები ხშირად მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში.

ბედნიერების გაზომვა ძალიან რთულია, საერთოდაც შეუძლებელი თუ არა. მერიემ-ვებსტერის ლექსიკონში ეს ემოცია განმარტებულია, როგორც "კარგად ყოფნისა და კმაყოფილების მდგომარეობა", თუმცა ეს ტერმინი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს.

ბოლო წლებში ბედნიერების კვლევის ინსტიტუტი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები ცდილობდნენ, ბედნიერება უფრო სისტემურად გაეზომათ. კონკრეტულ ქვეყნებში ბედნიერების გასაზომად დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრი ისეთ რიცხობრივ მონაცემებს იყენებს, როგორებიცაა მშპ, უმუშევრობა და საპროცენტო განაკვეთი; აგრეთვე უფრო უფრო სუბიექტურ საზომებს, მაგალითად, კმაყოფილებასა და ემოციას.

ფოტო: Happiness Musuem

ბედნიერების სხვა საზომი სისტემები, მაგალითად, მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში, Gallup-ის მსოფლიო გამოკითხვას ემყარება. წელს გამოკითხვას პარამეტრების ახალი წყება დაემატა, რომელიც მონაწილეებს ეკითხება, როგორ იმოქმედა მათი ცხოვრების ხარისხზე სოციალურმა, ურბანულმა და ეროვნულმა გარემოებმა.

"ზოგი დანიელი ვართ, ზოგი მექსიკელი, ამერიკელი ან ჩინელი, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ჩვენ ადამიანები ვართ. განურჩევლად იმისა, თუ საიდან ვართ, ჩვენს ბედნიერებას ერთი და იგივე რაღაცები ქმნის და იმედი მაქვს, რომ გამოფენაზე ხალხი ამას დაინახავს", — თქვა ბედნიერების კვლევის ინსტიტუტის CEO-მ, მაიკ უიკინგმა, BBC-სთან საუბრისას.

გლობალური პანდემია მუზეუმის გასახსნელად უცნაურ დროს ჰგავს. Los Angeles Times-ის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ფინანსური სირთულეების გამო ყოველი ექვსი ამერიკული მუზეუმიდან ერთი სამუდამოდ დახურვის საფრთხის წინაშეა. მაგრამ, უიკინგის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა მუზეუმის გახსნა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ, მათი აზრით, მსოფლიოს ახლა ეს სჭირდება.

"ვიფიქრეთ, რომ ამ დროებაში ბევრი მნახველი არ გვეყოლება, თუმცა მსოფლიოს ახლა ცოტა მეტი ბედნიერება სჭირდება", — დაამატა მან.

გახსნამდე მუზეუმმა შემოწირულობების ღია მიღება დაიწყო — იმ "ობიექტების, რომლებიც მათ მფლობელებს ბედნიერებას გვრის". სიაში მხოლოდ 18 განაცხადი მოხვდა, მათ შორის იყო ბადმინტონის ჩოგანი, ინჰალატორი და "ნუგეშის თესლები", რომლებიც ათწლეულის სიძველის პომიდვრის თესლიდან აღმოცენდა, რომელიც მუზეუმის ერთ-ერთი დონორის, კატიე დიესის, გარდაცვლილი მამის მაისურზე იპოვეს გაჭედილი.

"ვიფიქრეთ, რომ ეს ძალიან გულისამაჩუყებელი იყო", — ამბობს ბედნიერების ინსტიტუტის მკვლევარი ონორ უილკინსონი.