31 დეკემბერს ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის ოფისში მარიხუანა დათესეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მარიხუანას დათესვამდე განაცხადა, მათ ულტიმატუმი წაუყენეს ხელისუფლებას და სთხოვეს ნარკოპოლიტიკა შეეცვალათ - მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია.

„არანაირი ცვლილებები კანონმდებლობაში არ განხორციელებულა და რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სერიოზული ცვლილების გატარებას არც აპირებენ. ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს, გირჩის წევრები და ათეულობით ადამიანი, რომელიც ჩვენთან ოფისშია შეკრებილი, საჯაროდ დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რომელიც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ჩვენთან ოფისში პირდაპირ ეთერში, საჯაროდ დავთესავთ, დავიწყებთ კულტივაციას მარიხუანის. ჩვენთვის ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა,“- ატნიშნა ჯაფარიძემ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.