ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, 60 მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

ამასთან, უწყების განცახდებით, გვიან ღამე აჭარაში სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან დამატებითი ჯგუფები გაიგზავნა.

"ჯამში, 60 მეხანძრე-მაშველი ჩავიდა სპეციალური აღჭურვილობითა და შესაბამისი ტექნიკით. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 120 მაშველი და დამატებით, თბილისიდან მიემგზავრება 50-კაციანი ჯგუფი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო შესულია 440-მდე შეტყობინება. მათივე თქმით, შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები. მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.