ბათუმის მერიის განცხადებით, უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების ადიდება გამოიწვია, რის გამოც, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიები, ქუჩები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. მათი თქმით, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ფერია.

ფოტო: ბათუმის მერია

ფოტო: ბათუმის მერია

გარდა ამისა, ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა და თვითმხილველების ინფორმაციით, სახლი წაიღო, რომელშიც ხალხი იყო. სავარაუდოდ, სახლში 5 ადამიანი იყო, მათ შორის არასრულწლოვანი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაოები. ასევე, ეძებენ მდინარე მეჯინისწყალში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლს.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით. აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.