ამიერიდან ნებისმიერ მსურველს NASA-ს ახალი მისიის მონაწილე შეუძლია გახდეს და სიცოცხლისუნარიან პლანეტებზე ნადირობა დაიწყოს. კოსმოსურმა სააგენტომ ახლახან მისია Planet Patrol გაუშვა, რომელიც მოხალისეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სთხოვს, რომ TESS-ის (Transiting Exoplanet Survey Satellite) მიერ შეგროვებული ფოტოები დაახარისხოს.

"TESS-ის მონაცემების გადამუშავების ავტომატური მეთოდები ხანდახან ცდება და ეგზოპლანეტების ნაცვლად თვითმარქვიებს აფიქსირებს. ადამიანის თვალი კი უკეთაა გაწრთვნილი. შესაბამისად, ჩვენ მოქალაქე მეცნიერები გვჭირდება, რომლებიც თვითმარქვია და ნამდვილ ეგზოპლანეტებს ერთმანეთისგან გაარჩევს", — განაცხადა პროექტის ლიდერმა ვესელინ კოსტოვმა.

TESS დედამიწის ორბიტაზე 2018 წლის აპრილში გაეშვა. ხომალდის მიზანს უცხოპლანეტური სამყაროების აღმოჩენაა, ამისთვის კი იგი "გავლის მეთოდს" იყენებს: ხომალდი ვარსკვლავურ სინათლეში ბნელ წერტილებს ეძებს, რომლებიც პლანეტების მიერ მათი მასპინძელი ვარსკვლავის გადაკვეთით ჩნდება. თუმცა მსგავს ბნელ წერტილებს სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად პლანეტის ნაცვლად კომპანიონი ვარსკვლავის გადასვლა.

TESS-ის გუნდი თანამგზავრის უზარმაზარი მონაცემების გასაანალიზებლად ალგორითმს იყენებს, თუმცა ხანდახან ალგორითმი ცდება. მკვლევრებმა ადამიანებისთვის დახმარების თხოვნა სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. მოქალაქე მეცნიერები TESS-ის კვლევებში აქამდეც ჩართულან, თუმცა მაშინ პლანეტებზე მონადირეების ნაცვლად, პროექტს ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდი ხელმძღვანელობდა.

ახლა კი Planet Patrol გამოჩნდა, ახალი ონლაინ პროექტი, რომელიც მოხალისეებს TESS-ის მიერ მოპოვებული მონაცემების დახარისხებას და პოტენციური ეგზოპლანეტების აღმოჩენას სთხოვს. ჯერჯერობით, Planet Patrol მხოლოდ TESS-ის ფოტოებზეა ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ სხვა პროექტების განხორციელებაც იგეგმება.

თუკი ეგზოპლანეტებზე ნადირობა გსურთ, შეგიძლიათ Planet Patrol-ის ვებგვერდს ესტუმროთ.