გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ. ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქმის მასალები გააცნეს.

"შეხვედრაზე მივაწოდეთ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია, პირველადი ვერსია დოკუმენტის, რა კითხვის ნიშნებია, რა ხარვეზებია საქმეში, რა უნდა გაეკეთებინა გამოძიებას, რომ მეტი სიცხადე ყოფილიყო და რა გაკეთდა და რაზე გვეუბნებიან დღემდე უარს", — უთხრა ქობესაშვილმა On.ge-ს.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.