ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ მარნეულში ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმა დროულად და ეფექტიან გამოიძიონ. ამასთან, EMC მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს განუხრელად დაიცვან მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპები და არ დაუშვან სოციალური კონფლიქტების შექმნა რეგიონებში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე პოლიციას დროული რეაგირება არ ჰქონია, რაც პოლიციისადმი ნდობას ასუსტებს და პოლიტიზირების რისკებს აჩენს. ამასთან, EMC-ის თქმით, მათთვის კიდევ უფრო მიუღებელია, რომ პარტიული აქტივისტების მხრიდან ძალადობის გამოვლენა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა, რადგან ამგვარ შემთხვევებს გამყინავი და დამაზიანებელი გავლენა შეიძლება იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე და დემოკრატიულ პროცესებზე.

EMC მიიჩნევს, რომ ქალაქ მარნეულში და მანამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობრივი შემთხვევები კიდევ ერთხელ აჩვენებს ღრმა პოლარიზების და ანტაგონიზმის პრობლემას ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში.

"პოლიტიკური პასუხიმგებლობის სრული უგულებელყოფით პარტიებს დაპირისპირება, კონფლიქტი და შფოთი მიკრო სოციალურ ველში გადააქვთ და არ იაზრებენ ამგვარი კონფლიქტების სოციალურ შედეგებს, რომელიც შიშს, უნდობლობას, იმედგაცრუებას და იზოლაციას იწვევს. ძალადობის ლეგიტიმაცია და ნორმალიზება პარტიების მხრიდან დემოკრატიული პოლიტიკის ბაზისურ პრინციპებზე და ეთიკაზე უარის თქმაა და თავად პოლიტიკის იდეასაც ეწინააღმდეგება", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე თქმით, პოლიტიკურ პროცესებში ძალადობის ამ მასშტაბით შემოტანა და დაშვება ამ უნდობლობას და შიშს კიდევ უფრო გააღრმავებს.

29 სექტემბერს, მარნეულში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია მთავარის ორი ჟურნალისტს და ორი ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.

გაიგეთ მეტი: