ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობებსა და საერთაშორისო აქტორებს სამშვიდობო პოლიტიკისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიცვას ნეიტრალიტეტი და მიიღოს ჰუმანიტარული ზომები ორივე ქვეყნის მოქალაქეების მხარდასაჭერად.

"ჩვენ, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი და სხვა ეთნიკური თემის აქტივისტები, ერთად ვდგებით მშვიდობის, ჰუმანიზმისა და სოლიდარობის მხარეს და ჩვენი რეგიონის მთავრობებს და საერთაშორისო აქტორებს სამშვიდობო და ჰუმანური პოლიტიკის გატარებისკენ მოვუწოდებთ.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ზედმიწევნით დაიცვას ნეიტრალიტეტი შექმნილ დაპირისპირებაში და შესაძლებლობების ფარგლებში მიიღოს ჰუმანიტარული და სხვა ზომები დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობის მხარდასაჭერად ორივე ქვეყანაში. უკეთ გაიაზროს რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერის პროცესში საკუთარი როლი და აქტიური ნაბიჯები გადადგას მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის. გაატაროს სათანადო პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები სამხედრო და პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებული განწყობების და სენტიმენტების საქართველოში გადმოტანისგან შეკავების მიზნით", — ნათქვამია მათ განცხადებაში.

ისინი ასევე მოუწოდებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სამხედრო დაპირისპირების შესაჩერებლად და იმუშაონ კონფლიქტის და დაძაბულობის მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადასაჭრელად.

მოწოდებები მიმართულია რუსეთისა და თურქეთის მთავრობებისკენაც, რომ არ მიიღონ მონაწილეობა შექმნილ სამხედრო დაპირისპირებაში და საკუთარი ინტერვენციით კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავონ შექმნილი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტი და რეგიონში არსებული დაძაბულობა.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირს, მათ შორის მიმართულ მოწოდებაში წერია, რომ მიიღონ უფრო ეფექტიანი ზომები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით და შეიმუშაონ უფრო ქმედითი სტრატეგია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის.

მათივე მოწოდებით, მედია საშუალებებმა შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებული მოვლენები უნდა გააშუქონ მაქსიმალურად ნეიტრალურად და გაითვალისწინონ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების ფაქტორი საქართველოში.

აღნიშნული პეტიციის ხელმომწერი ორგანიზაციებია:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • კავკასიური სახლი;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • ჩართულობის და განვითარების ცენტრი;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • კავშირი საფარი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (IPHR);
  • ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი;
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  • ახალგაზრდები დიპლომატიური ჩართულობისათვის;
  • მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD);
  • ქალთა ფონდი საქართველოში;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  • იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა".