სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ გალის რაიონში აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დროშის დაწვის მიზეზით დაკავებულ, ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. სუს-ში აცხადებენ, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება დაუყოვნმებლივ მოხდა და ცხელი ხაზი გააქტიურდა. უწყებაში აცხადებენ, რომ არსებული მონაცემებით, უკანონოდ დაკავებული პირი გალში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"უკანონო დაკავებისთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება მოახდინა. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით", — აცხადებენ სუს-ში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თბილისი სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ეთნიკურად ქართველმა აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დროშა გუშინ, 30 სექტემბერს დაწვა. ამ ფორმით მან გააპროტესტა "დამოუკიდებლობის" ზეიმი, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში 30 სექტემბერს აღნიშნავენ.

გალის რაიონი ერთადერთი მხარეა აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკურად ქართველები შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ, მათ გალის რაიონში, თავიანთ სახლ-კარში დაბრუნების უფლება მისცეს, ადგილობრივი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. იქ არსებული ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, აფხაზურ მხარეს ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.