საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ის მარვალფეროვანი ბუნება, რაც საქართველოს აქვს.

"პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით. ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა. პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გადაუდებელი ტრანსფორმაციული ცვლილებების საჭიროებას ვხედავთ.

რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ათასობით ენდემური ჯიშითა და ასი ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული დაცული ტერიტორიით.

ზურმუხტის ქსელის მეშვეობით, რომელსაც ახლახან შევუერთდით, ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს — საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20 პროცენტი წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას. ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია თუშეთია, რომელსაც გასულ კვირას ვესტუმრე. რეგიონი, რომელმაც შემოინახა საქართველოს ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი საგანძური და რომელსაც ეკოტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეკონომიკის განვითარება სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჭიროა, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყნის განვითარება და ბუნების საჭიროებები დავაბალანსოთ.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ახლაა დრო, დავფიქრდეთ იმ მომავალზე, რომელიც ჩვენი პლანეტისთვის გვსურს სამი ძირითადი მიმართულებით

"პირველ რიგში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინტეგრირება მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ხელისუფლება, კერძო სექტორი და საზოგადოების თითოეული ნაწილი მასში მონაწილეობას მიიღებს. განათლების როლი ამ შემთხვევაში უდიდესია. ჩვენ მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი საერთო მისიაა.

მეორე — ჯანმრთელი გარემო საჭიროა არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისათვის, არამედ ანალოგიურად ადამიანთა კეთილდღეობისთვისაც. მრავალი ფუნდამენტური კავშირი არსებობს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნების ჯანმრთელობას შორის და ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგმა ასეთი კავშირები უნდა აღმოაჩინოს. ეს შესაძლოა, დაგვეხმაროს, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებულები პოტენციური მომავალი პანდემიებისთვის და გამოვიყენოთ ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპი ყველასათვის.

ბოლოს, ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური პოტენციალის წამოწევა — ჩვენ ინტეგრირებული მომავლისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ, სადაც ბიომრავალფეროვნებისგან მიღებული ეკონომიკური სიკეთე განვითარების შედეგებში აისახება. ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ მიერ ბიომრავალფეროვნებისათვის გაღებული დანახარჯები ფუჭი არაა. ეს მეტად მდგრად ეკონომიკასა და უფრო ჯანსაღ მომავალში ჩადებული ინვესტიციაა", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პანდემია ძლიერი მანიშნებელია იმისა, რომ სწორედ ახლაა მოქმედების დრო.