საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მოახლოებული არჩევნები ჩატარდება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, ისე, როგორც ეს ეუთოს სტანდარტებსა და პრინციპებშია გაწერილი. ამის შესახებ მან ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას ისაუბრა.

"უმაღლესი შეფასება მივიღეთ იმ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმების შედეგად, რაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ამიტომ, თამასა აქვს საქართველოს უმაღლეს დონეზე აწეული, აქედან გამომდინარე მოლოდინიც არის და ეს ასეც იქნება, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, ეს არჩევნები იქნება უპრეცედენტოდ დემოკრატიული, გამჭვირვალე და შესაბამისი საერთაშორისო და დემოკრატიული სტანდარტების", — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნები უჩვეულო გარემოში, პანდემიის პირობებში ტარდება და ძალიან მაღალი შეფასება მიიღეს პარტნიორების მხრიდან, რადგანაც საქართველომ, ფაქტობრივად, უკვე უზრუნველყო, რომ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრონ ამ არჩევნებს.