ევროპული საქართველო ხაშურისა და ქარელის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ წარადგნს და მხარს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, გამარჯვებული საქართველოს კანდიდატს, გურამ ჩალაგაშვილს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან თარხნიშვილი ავრცელებს.

"ევროპული საქართველო იყო მოწადინებული იმისთვის, რომ ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მომხდარიყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ თბილისს გარეთ და სამწუხაროდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამო ეს შეთანხმება არ შედგა", — ამბობს თარხნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიები საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე შეთანხმებას გეგმავდნენ. ერთიან კანდიდატზე შეთანხმება თბილისში, მეტწილად, მოხერხდა — ზოგიერთ რაიონში ერთმანეთს კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებენ. თუმცა, რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება ოპოზიციამ ვერ შეძლო.