გლობალური კლიმატის ცვლილებასთან ერთად ცხოველებს და მცენარეებს ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია უწევთ. მაგალითად, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო 75 წლის განმავლობაში მცენარეებს ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი (UV) სენსიტიური პიგმენტები ეცვლებათ.

UV პიგმენტები ადამიანის თვალისთვის უხილავია, თუმცა მათი მეშვეობით მცენარეები მწერებს იზიდავენ და ისინი მზისგან დამცავ ფუნქციასაც ასრულებენ. ჭარბი UV რადიაცია, ადამიანების მსგავსად, მცენარეებისთვისაც მავნეა ხოლმე. მას მცენარის მტვრის დაზიანება შეუძლია. მცენარე რაც მეტ ულტრაიისფერი გამოსხივების შემწოვ პიგმენტს შეიცავს, მით ნაკლებად საზიანოდა მისთვის რადიაცია.

მკვლევრებმა თავის დროზე შეამჩნიეს, რომ UV პიგმენტების სიჭარბე ისეთ მცენარეებს აქვთ, რომლებიც ეკვატორზე ან ზღვის დონიდან მაღალ ტერიტორიებზე იზრდებიან. ამის მიზეზი ისაა, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ამ ადგილებში ჭარბობს. იმის გამო, რომ ადამიანურმა აქტივობამ ოზონის შრე დააზიანა და გლობალური დათბობა გამოიწვია, მეცნიერები დაინტერესდნენ, როგორ აისახა ეს მცენარეებზე.

ამის გასარკვევად მკვლევრებმა 42 სახეობის მცენარე და 1238 ყვავილი შეაგროვეს და UV-სენსიტიური კამერით დაასურათეს. შეგროვებული მასალიდან ზოგი 1941 წლით თარიღდებოდა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 1941 წლიდან მოყოლებული 2017 წლამდე ყვავილების პიგმენტის რაოდენობა ყოველწლიურად 2%-ით იზრდებოდა. თუმცა, სხვადასხვა სახეობის მცენარეებში ეს ცვლილებები განსხვავებულია.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა უცნაურია, მიზეზები საკმაოდ ლოგიკურია", — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მცენარეთა ბიოლოგი ჩარლზ დევისი.

მიუხედავად იმისა, რომ UV პიგმენტი ადამიანებისთვის უხილავია, მწერებისთვის ის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მეცნიერთა თქმით, მწერები ყვავილებში UV პიგმენტს მაშინ უკეთ ამჩნევენ, როცა პიგმენტები "ხარის თვალის" პრინციპითაა მცენარეზე გადანაწილებული. ამის მიზეზი კარგად შესწავლილი არ არის, თუმცა დევისი ამბობს, რომ მსგავსი პატერნი მწერებს ეხმარება, მცენარის პიგმენტიანი ნაწილი გამოარჩიოს.

პრობლემა ისაა, რომ მოჭარბებული UV პიგმენტის არსებობისას პატერნი ირღვევა, რის გამოც მწერებმა შეიძლება ყვავილების უგულებელყოფა დაიწყონ. ეს კი ეკოსისტემებისთვის ძალიან საზიანო იქნება, რადგან მწერები დამტვერიანებაში და მცენარეების გამრავლებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ.