ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახა ოქრიაშვილის აქტივისტები "მძიმე პროვოკაციებით" გამოირჩევიან, ამიტომ მისი "ჩამოშორებით პარტიამ უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო".

"აშკარაა, რომ პროვოკაციების მოწყობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობისთვის ხელის შეშლა თანდათანობით რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად იქცევა", — აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, ასევე, გამოირჩევიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები, ნიკა მელია და აჰმედ იმამკულიევი.

"ისინი კვლავაც იმოქმედებენ იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა თავისუფალი, თანასწორი და მშვიდი არჩევნების ჩატარებაა. არაერთგზის გვითქვამს და ერთხელაც გავიმეორებთ, თუ არ იქნება პროვოკაციები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არჩევნები წარიმართება ზუსტად ისეთივე მშვიდ გარემოში, როგორც წარიმართებოდა გასული რამდენიმე თვის მანძილზე", — განაცხადა მან.

კობახიძემ სამართალდამცავმა ორგანოებს მოუწოდა, კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღონ ყველა ზომა ინციდენტების აღსაკვეთად, მისი თქმით, არცერთი სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ჩაიდინა ის.

მარნეულში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია მთავარის 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.

ამასთან, კახა ოქრიაშვილი 2004 წლიდან პარლამენტის წევრია. 2016 წლამდე ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, 2016 წელს კი ქართული ოცნების მაჟორიტარად გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა და პროფესიონალ, ინიციატივიან ადამიანად დაახასიათა. მმართველ გუნდთან უთანხმოების შემდეგ, მან პარტია პროგრესი და თავისუფლება დააფუძნა.