საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თურქეთის "ომის რიტორიკა" ახალისებს აზერბაიჯანს, დაიპყროს მთიანი ყარაბაღი, რაც მიუღებელია. ამავე დროს, მან დაამატა, რომ თურქეთის ჩარევის პირდაპირი მტკიცებულება ჯერ არ აქვს.

"მე ყურადღება გავამახვილე თურქეთის პოლიტიკურ განცხადებებზე, რომელიც, ჩემი აზრით, წინდაუხედავი და საშიშია", — განაცხადა მაკრონმა.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.

ბოლო მონაცემებით ბრძოლები რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, ყველაზე აქტიური მათ შორის ყარაბაღის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი, როგორც სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს შორის დაახლოებით 100 ადამიანია. აღსანიშნია, რომ აზერბაიჯანი გარდაცვლილ სამხედროებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, მაშინ, როცა სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ასეულობით ჯარისკაცი მოუკლა. თვითაღარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) პრეზიდენტის განცხადებით, განადგურებულია ცალკეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა.

საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ უშედეგოდ მოუწოდებს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს თურქეთს, რომელიც მომხდარში მხოლოდ სომხეთს ადანაშაულებს და აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს. სომეთში და არცახში ამტკიცებენ, რომ ბრძოლებში ჩართულია თურქული არმიაც, რასაც აზერბაიჯანსა და თურქეთში უარყოფებნ.

გაიგეთ მეტი: