ონლაინ სიშიშვლე პარადოქსია.

პორნო ყველგანაა და მარტივად ხელმისაწვდომია, ხოლო არტისტული ან აქტივისტური კონტექსტი ხშირად ცენზურის ქვეშ ექცევა. ქალთა სხეულებისთვის ეს "მიწასთან გასწორების" ფენომენი ხშირად საზოგადოებრივი გაკიცხვის ან "ოფიციალური დირექტივის" ფორმით ვლინდება, რომელიც მცირედით გამოჩენილ ძუძუს დვრილებსაც კი შლის Instagram-იდან.

ფოტო: Olie Avstreyh

ოლია ავსტრეისა და ჟენია მილიუკოსის ერთობლივი პროექტი "ვიდეოჩატი: ნუდები გამოუშვი" ხელოვანი ქალების ნამუშევრებში სხეულის ავტონომიასა და კრეატიულობას შორის კავშირს უსვამს ხაზს.

იდეა საკმაოდ სწორხაზოვანი იყო: ორი კვირის განმავლობაში არტისტები ერთმანეთს ვიდეოზარებით უკავშირდებოდნენ, იხდიდნენ, ერთმანეთს ხატავდნენ და საუბრობდნენ.

"ეს პროექტი ნაწილობრივ თამაშად და ნაწილობრივ თერაპიულ სესიად იყო ჩაფიქრებული. ჩვენ ძირითადი წესები და პირობები გამოვყავით, მაგრამ არ განგვისაზღვრავს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საბოლოო შედეგი. ყოველდღიურად განსხვავებულ ადგილსა და პოზას ვარჩევდით. საბოლოოდ, ფოტოგრაფია მხატვრობასა და ციფრულ ელემენტებთან გავაერთიანეთ და კოლაჟის ჩვენებური სტილი შევქმენით", — ამბობენ არტისტები.

კოლაბორაცია COVID-19-ის პანდემიის დროს შედგა, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქალაქში სხვადასხვა საფეხურის კარანტინი გამოცხადდა.

იმის გამო, რომ ადამიანთა უმეტესობა სახლებს მიეჯაჭვა, ვიდეოჩატები ახალ ნორმად იქცა — რამაც ის კითხვაც გააჩინა, თუ რამდენად შესაძლებელია ეკრანების მეშვეობით ჭეშმარიტი ინტიმურობისა და კავშირის მიღწევა.

ავსტრეისა და მილიუკოსისთვის — რომლებიც იმ დროს მოსკოვსა და ყირიმში იყვნენ — ეს შეკითხვა ისევე საკვანძო იყო, როგორც რუსეთის პოლიტიკურ კონტექსტში ქალის სხეულის ადგილი.

მათზე ძლიერ იმოქმედა რუსი არტისტისა და ქვიარ აქტივისტის, იულია ცვეტკოვას, ამბავმა — მას სხეულის პოზიტიურად აღქმის, ფემინიზმისა და ანტიჰომოფობიის თემაზე შექმნილი ნახატების გამო 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ცვეტკოვას მხარდასაჭერად ასობით ფემინისტი, სხეულის პოზიტიურად აღქმის აქტივისტი და შემოქმედი Instagram-ზე შიშველ ფოტოებს პოსტავდა ჰეშტეგით #mybodyisnotpornography — "ჩემი სხეული პორნოგრაფია არ არის". Instagram-მა ბევრი პოსტი წაშალა, მაგრამ სამთავრობო და კორპორაციული მტრობის გარემოში თავისუფლების ძებნა მაინც პროექტის ძირეულ ასპექტად დარჩა.

ფოტო: Olie Avstreyh

"სრული განაკვეთით 2018 წლიდან ვხატავ და ვფოკუსირდები ფემინურობისა და ტექნოლოგიის გადაკვეთაზე; იმაზე, თუ როგორ აყალიბებს ჩვენი სხეულების აღქმას მომხმარებლური კულტურა და როგორ წარვუდგენთ საკუთარ თავს მსოფლიოს ამ ციფრულ ეპოქაში", — ამბობს ავსტრეი.

მაისში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დროს არტისტმა ტრეისი ემინისა და მისი სხეულის შესწავლის ნაშრომები შეისწავლა.

"ამ ობსესიამ მრავალმხრივ გამათავისუფლა. ამის შემდეგ დიდი სერია გავაკეთე, რომელიც ჩემს სხეულს ეძღვნებოდა, თუმცა ის ძალიან პრიმიტიული იყო. ჟენიასთან ჩემმა კოლაბორაცია, რაღაც გაგებით, სხვანაირ ხელოვანად გარდამქმნა. იმის გამო, რომ ის თერაპიის პრინციპს ეფუძნებოდა, მგონია, რომ ბევრი ჩემი დათრგუნული შიში, ხელოვანისაც და პიროვნებისაც, განიკურნა", — დაამატა მან.

ფოტო: Olie Avstreyh

მილიუკოსისთვის საკუთარი სხეულის მიღება ბევრად უფრო ბუნებრივად მოხდა, თუმცა მისთვის თავდაპირველად საკუთარ კოლაბორატორთან ღიაობისა და კავშირის დამყარება წარმოადგენდა სირთულეს. საკუთარი სხეულის პოლიტიკური პოტენციალი მილიუკოსსაც კარგად ესმის.

"ძველად ხშირად ვიყენებდი საკუთარ სხეულს, თუმცა ამას საკმაოდ პროვოკაციულად ვაკეთებდი, რათა აუდიტორია გამომეწვია. საზოგადოებას ხშირად ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს შიშველი სხეულის მიმართ, მას ამორალურსა უწოდებს და კიცხავს იმ ადამიანებს, რომლებიც სხეულს 'საკუთარი თავის გასაყიდად' აშიშვლებენ. ეს ყოველთვის მაღიზიანებდა. მინდოდა, ამ წინასწარშექმნილი წარმოდგენების შესაცვლელად ყველაფერი გამეკეთებინა. ჩემთვის ეს ჩემი მაყურებლების განათლების პროცესი იყო", — ამბობს ის.

ფოტო: Olie Avstreyh

თავისი საბოლოო ფორმით "ვიდეოჩატი: ნუდები გამოუშვი" შედგება კოლაჟებისგან, რომლებშიც გაერთიანებულია ფოტოები, ნახატები და ჩატის მესიჯების ფრაგმენტები. ის ყურადღებითაა გათვლილი, თუმცა გულწრფელი და სახალისოა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტი ქალის შიშველ სხეულს საცხოვრებელ გარემოსა და ყოველდღიურ კონტექსტში აქცევს და გვაჩვენებს, რომ არტისტები საკუთარ სხეულში კომფორტულად არიან: ეს ისეთი რამაა, რაც რთული მისაღწევია ცენზურისა და ობიექტივიზაციის ატმოსფეროში. მათი სხეულები მოწყვლადი, მშვენიერი და ნამდვილია — ისინი მათი თვითგამოხატვისა და კრეატიულობის ნაწილსაც წარმოადგენს.

"პროექტი როცა გავუშვით, ძალიან ბევრი დადებითი და მხარდამჭერი შეტყობინება მივიღეთ. ამიტომ ძალიან გაგვიკვირდა, როცა Instagram-მა ორივე ჩვენგანის ანგარიშებიდან ჩვენი ნამუშევრების შემცველი პოსტების წაშლა დაიწყო. ეს ბრძოლა ორ დღეს გაგრძელდა: Instagram-მა სიშიშვლისა და სექსუალური აქტივობის დირექტივების დარღვევის გამო მინიმუმ 10 პოსტი დაბლოკა. ეს სრულიად ახალ განხილვას აჩენს იმაზე, თუ როგორია ამ პლატფორმის ორმაგი სტანდარტები, პურიტანიზმი და ქალის ნარატივზე სრული ძალაუფლება — იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ეს, უბრალოდ, ხელოვნების დაცენზურებაა", — იხსენებენ არტისტები.

"ქალის სხეული პორნოგრაფია არ არის — ეს ჯერ კიდევ ის დევიზია, რომელიც დასამტკიცებელი გვაქვს".

მსგავს თემაზე: