გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 8 ავტომობილის ახალი ავტომობილებით ჩანაცვლება 405 662 ლარი დაუჯდა. ჩანაცვლებული ავტომობილებიდან ერთი 2007 წელს არის გამოშვებული, დარჩენილი 7 კი - 2012 წელს. ამ მომსახურებას უწყებას გამარტივებული სახის ელექტრონული ტენდერის გამარჯვებული სს ფრანს ავტო გაუწევს. ხელშეკრულება 29 დეკემბერს დაიდო.

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 405 662 ლარია, საიდანაც თანხის 65 პროცენტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ფულადი სახით აანაზღაურებს, დარჩენილი - 140 900 ლარი კი ჩასანაცვლებელი 8 Toyota Hilux-ის ღირებულებაა. იაპონური Toyota-ს მარკის ავტომობილები რუმინული Renault Duster-ით უნდა ჩანაცვლდეს, რომლის ერთეულის ღირებულება 50 708 ლარია.

ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი, კონკრეტულად რომელი წელს გამოშვებულ Renault Duster ყიდულობს სახელმწიფო უწყება, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს არის ახალი.