აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში: ხელისუფლება, კანონში ცვლილებების გზით, ცდილობს „კავკასუს ონლაინის“ გარიგება გააუქმოს და დააყადაღოს აქტივები ცვლილებები

კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით და საგანგებოდ ჩატარებულ სხდომებზე მიიღო, უცხოური მედიის, პოლიტიკოსების, დიპლომატების და ექსპერტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ამერიკული გამოცემა The National Interest საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების, კენეტ იალოვეცის, ჯონ ტეფტისა და უილიამ კორტნის სტატიას აქვეყნებს.

დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების, პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის შესახებ წერენ და რუსულ საფრთხეებზე მიანიშნებენ: არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ რუსეთი საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება. ამჟამინდელმა ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, "ქართველები უნდა ელოდნენ, რუსეთის მხრიდან არჩევნებში უხეშ ჩარევას" და ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა "გრძელვადიანი სქემა იძლევა, რომელსაც რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებით და სხვა საშუალებებით დიდი ხანია ახორციელებს", — წერენ ამერიკელი დიპლომატები.

კავკასუს ონლაინის ინფორმაციით, ელჩები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, კომუნიკაციის შესახებ კანონში ცვლილებების გზით, ცდილობს უკვე გაფორმებული გარიგება გააუქმოს და უარესი, დააყადაღოს კომპანიის აქტივები. კავკასუს ონლაინის განცხადებით, ელჩების თქმით, არის რისკი, რომ კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლოს და შესაძლოა, ამ მოვლენებმა პოტენციური უცხოური ინვესტიციები შეაჩეროს და შეაშინოს ინვესტორები.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს.

"კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ კავკასუს ონლაინსა და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ პრობლემას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, კავკასუს ონლაინისთვის შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და პარლამენტმა ცხარე დებატებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო", — აცხადებენ კავკასუს ონლაინში.

კავკასუს ონლაინში განმარტავენ, რომ საქართველოს პარლამენტში მიღებულ ამ კანონს კონსტიტუციონალისტები ბიზნესისთვის დამაზიანებლად და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ და ცვლილებამ აჟიოტაჟი გამოიწვია საერთაშორისო დონეზეც.

"დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებში პირდაპირ განაცხადა, რომ მათთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს, რომელიც კავკასუს ონლაინის გარშემო ვითარდება. ამ განცხადების შემდეგ, კავკასუს ონლაინის თემით გავლენიანი უცხოური გამოცემები დაინტერესდნენ. რამდენიმე დღის წინ, ფრანგულ გამოცემა La Tribune-ში სტრატეგიული საბჭოს პრეზიდენტის ჟერარ ვასპერის სტატია გამოქვეყნდა სათაურით "კავშირგაბმულობის ქსელი — მსხვილი გეოპოლიტიკური დაპირისპირებები". გამოცემა წერს, რომ კომუნიკაციების კომისიისა და ხელისუფლების გადაწყვეტილება კერძო ბიზნესში პირდაპირი ჩარევაა", — აცხადებენ კავკასუს ონლაინში.