მეცნიერები დიდი ხანია, რაც ნეანდერტალელების გენებს იკვლევენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამოუცნობი მიზეზის გამო მათი კარგად შემონახული ნამარხების უმეტესობა ქალებს ეკუთვნოდათ, კაცების გენეტიკური ისტორია კი ჩრდილში რჩებოდა.

ამის მიუხედავად, მკვლევრებმა ახლახან ნეანდერტალელი კაცის Y ქრომოსომის გაშიფვრა მოახერხეს. ამ პროცესში მეცნიერთა საერთაშრისო გუნდი მონაწილეობდა, რომელმაც რუსეთში, ესპანეთში და ბელგიაში ნაპოვნი, 38-53 ათასი წლის წინანდელი ნეანდერტალელების ნამარხების დნმ-ის გაშიფვრა წარმატებით შეძლო.

ანალიზის შემდეგ ნიმუშები უფრო აღმოსავლეთით მცხოვრები მონათესავე სახეობის, დენისოველების გენებს შეადარეს. როგორც აღმოჩნდა, ნეანდერტალელ და დენისოველ კაცებს მსგავსი ქრომოსომები ჰქონდათ. თუმცა ეს ერთადერთი აღმოჩენა არ ყოფილა: როგორც გაირკვა, ნეანდერტალელი კაცის Y ქრომოსომა თანამედროვე ადამიანისას უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე დენისოველისას.

"ეს მოულოდნელი აღმოჩენაა. ჩვენ მათი ავტოსომური დნმ-ის შესწავლით ვიცით, რომ ნეანდერტალელები და დენისოველები ერთობ მსგავსები იყვნენ, თანამედროვე ადამიანები კი მათი უფრო შორეული ნათესავები არიან. სანამ მონაცემებს შევისწავლიდით, ველოდით, რომ მათი Y ქრომოსომა ამ თეორიაში ჩაეწერებოდა", — განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარმა და კვლევის ავტორმა მარტინ პეტრმა.

როგორც ჩანს, ნეანდერტალელებისა და დენისოველების გაყოფიდან მალევე ნეანდერტალელის ქრომოსომა შეიცვალა და ჩვენსას დაემსგავსა, თუმცა ზუსტად რატომ მოხდა ეს, უცნობია. ერთ-ერთი მიზეზი ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ, უბრალოდ, ეს ქრომოსომა საკუთარ საქმეს უკეთესად აკეთებდა.

"რეპროდუქციაში Y ქრომოსომის მნიშნელოვანი როლის გათვალისწინებით ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნეანდერტალელის Y ქრომოსომამ ბუნებრივი გადარჩევა განიცადა და თანამედროვე ადამიანის ქრომოსმით ჩანაცვლდა, რომელიც საკუთარ მოვალეობას უკეთესად ასრულებდა", — ამბობს პეტრი.

კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენეს, რომ ნეანდერტალელთა შედარებით პატარა ჯგუფებს, რომლებიც კონტინენტის გარშემო გადანაწილდნენ, ინბრიდინგის დროს სხვადასხვა პრობლემატური მუტაცია ხშირად აწუხებდათ. ასეთ დროს ადამიანებისგან შეძენილ მეტად გამძლე Y ქრომოსომას შეეძლო, რეპროდუქციის პროცესი გაეუმჯობესებინა, რის შედეგადაც ის სულ უფრო მეტ ნეანდერტალელში გამოვლინდა.

"თუკი ჩვენ ისეთი ნეანდერტალელის Y ქრომოსომას ვიპოვით, რომელიც უფრო ადრე ცხოვრობდა — მაგალითად, 430 ათასი წლის წინ — ჩვენი აზრით, მას ნეანდერტალელის ორიგინალი ქრომოსომა ექნება, რომელიც დენისოველის ქრომოსომის მსგავსი უფრო იქნება, ვიდრე თანამედროვე ადამიანის", — აცხადებენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.