სერიალი The Crown მაყურებელში აქამდეც დიდ დაინტერესებას იწვევდა მისი სიუჟეტის მთავარი გმირების — ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების პირადი ცხოვრების დეტალების აღწერით, თუმცა ეს დაინტერესება მომავალ, მეოთხე სეზონში კულმინაციას მიაღწევს: ეკრანებზე პრინცესა დაიანას და მარგარეტ ტეტჩერს ვიხილავთ.

მარგარეტ ტეტჩერის როლს ცნობილი მსახიობი ჯილიან ანდერსონი ასრულებს, რომელსაც მრავალ ცნობილ ფილმსა თუ სერიალში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ბოლო პერიოდში სატელევიზიო შოუების მოყვარულებს ყველაზე მეტად ნეტფლიქსის კიდევ ერთ გახმაურებულ პროექტში Sex Education შესრულებული როლით ემახსოვრებათ.

მისი პირველი ვიზუალი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრემიერმინისტრის ამპლუაში უკვე შეგვიძლია შევაფასოთ.

ფოტო: Netflix

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ფილმში The Iron Lady ტეტჩერის როლის შესრულებისთვის მერილ სტრიპმა ოსკარი დაიმსახურა. საინტერესოა, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ეს დავალება ჯილიან ანდერსონისთვის.

რკინის ლედისთან ერთად გავრცელდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წევრის — პრინცესა დაიანას ახალი კადრები სერიალიდან. მის როლს ახალგაზრდა მსახიობი ემა კორინი ასრულებს.

ფოტო: Netflix

პრინცესა დაიანა The Crown-ში პირველად გამოჩნდება. როგორც უკვე ცნობილია, სერიალი მეექვსე სეზონით დასრულდება, ბოლო ორ სეზონში კი ემა კორინს ამ როლზე ელიზაბეტ დებიკი ჩაანაცვლებს, რომელიც სულ ახლახანს კრისტოფერ ნოლანის ფილმში Tenet ვიხილეთ.

კადრი გვირგვინის მეოთხე სეზონიდან: პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი.

ფოტო: Netflix

მეოთხე სეზონი მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ შემდეგ სეზონში ამჟამინდელი მსახიობების დიდ ნაწილს ვეღარ ვიხილავთ: მაგალითად, ეს სეზონი მთავარი როლის, ელიზაბეტ მეორის შემსრულებელი ოლივია კოლმანისთვის უკანასკნელი იქნება და მის ადგილს იმელდა სტონტონი დაიკავებს.

სამწუხაროდ, პანდემიის გამო უცნობია, თუ როდის დაიწყება მეხუთე სეზონის გადაღებები, ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, 15 ნოემბერს — მეოთხე სეზონის გამოსვლის თარიღს დაველოდოთ და დაძაბული პოლიტიკური ინტრიგებისთვის მოვემზადოთ.