თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომა ისაუბრა.

"ეს მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა და მსოფლიოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ამ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რათა ორკვირიანი გაცდენა არ იყოს", — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ. რეგულაციების მიხედვით, ბაგა ბაღების მართვის სააგენტომ უკვე გადაამზადა ბაღების დირექტორები, რომლებმაც თავის მხრივ, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს ბაღის თანამშრომლებს.

"მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი. ყველა აღსაზრდელს ექნება თავისი ნივთები, ფანქრები, სათამაშოები და ა.შ. ის რეგულაციები, რაც იყო მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული", — განაცხადა თბილისის მერმა.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება.