სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, თურქულმა მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა, F-16-მა მათი ავიაგამანადგურებელი, SU-25 ჩამოაგდო.

მისი თქმით, გარდაიცვალა მფრინავი. მისივე თქმით, ეს ავიაგამანადგურებელი დღეს, 29 სექტემბერს თურქეთიდან ჩაფრინდა აზერბაიჯანში.

განახლება: აზერბაიჯანმა ეს ინფორმაცია BBC-სთან ინტერვიუში უარყო.

ბოლო მონაცემებით, ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარეებს ყავთ ათეულობით გარდაცვლილი, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედროებს შორის. აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ორივე მხარე შეტაკებებისა და ერთმანეთის ტექნიკის განადგურების ვიდეო და ფოტომასალას აქვეყნებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 29 სექტემბრის ღამეს სომხეთი კონტრშეტევებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა მათ ეს მცდელობები აღკვეთეს. ამასთან, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ქალაქ ფიზულის მიმართულებით შეტევას აგრძელებენ.

ბაქოში ამბობენ, რომ სომეხმა სამხედროებმა ვარდენისის რაიონიდან აზერბაიჯანის დაშქესანის რაიონის მიმართულებით საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს. აღნიშნული ინფორმაცია ერევანმა უარყო. მათივე თქმით, თავდასხმისას კიდევ ოთხი სომხური ტანკი გაანადგურეს.

ღამის პირველი საათისთვის თვითაღიარებული რესპუბლიკა არცახის (ყარაბაღი) თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ისინი აცხადებენ, ორშაბათს მათ კიდევ 26 სამხედრო დაკარგეს — სულ 84.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.

გაიგეთ მეტი: