წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე თვითიზოლაციაში გადავა, სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდება და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

"ხაზგასასმელია, რომ დისტანციურ სწავლების გამოცდილება საქართველოს საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან აქვთ. შედეგად, 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა აქვთ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, უწყებაში ამბობენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

სამინისტროს ცნობითვე, აჭარის გარდა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა. ამასთან, მათ დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლები დაემატა, სადაც სკოლები, ასევე, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.