ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით. კერძოდ, ცესკოში აცხადებენ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზებულად იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში და დაუზუსტებელი, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას.

"მაგალითისთვის, დღეს იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესში ხელის შეშლის მცდელობა: ზემოაღნიშნული ორგანიზაციები და ასევე აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აცხადებდნენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები პარტიების წევრების დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ამ პირებს, ასევე ჰქონდათ მცდელობა კანონის დარღვევით შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია სცდება დაკვირვების მანდატს და მათი საქმიანობა ხორციელდება მიკერძოებულად, რაც თვალნათლივ ასახავს ეუთო/ოდირის 2018 წელს რეკომენდაციებში აღნიშნულ და დღესაც არსებულ პრობლემას ყალბ დაკვირვებასთან დაკავშირებით", — აცხადებენ ცესკოში.

მათივე ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეული წევრი ინფორმირებული იყო პირველი სხდომების თარიღის და დღის წესრიგის შესახებ. ამასთან, ცესკოში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 28 სექტემბერს, დილიდანვე საჯაროდ გაავრცელეს ინფორმაცია პირველი სხდომების ჩატარების დაწყების თაობაზე და მოუწოდეს არჩევნებში ჩართულ მხარეებს უფლებამოსილების ფარგლებში დაკვირვებოდნენ მიმდინარე პროცესებს.

"მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს, ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში", — აცხადებენ ცესკოში.

ცესკოს განცხადებაში მითითებული არ არის, რომელ ორგანიზაციებს და რომელ პარტიებს ადანაშაულებენ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობაში, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ დღეს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, განცხადებაც, სავარაუდოდ, მათ ეხება. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ კომისიების პირველი სხდომები პარტიების წევრების დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.