დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სილამაზის სალონების ციფრული პლატფორმა Beauty Lab უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდ და iOS მომხმარებლებისთვის.

ამიერიდან მის ბიზნეს მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ატვირთონ საკუთარი სერვისების განრიგი, ფასი და აღწერა, ხოლო ჩვეულებრივ მომხმარებლებს შეუძლიათ, მარტივად, ერთი ფანჯრის პრინციპით დაჯავშნონ სასურველი პროცედურა შერჩეულ სილამაზის სალონსა თუ ესთეტიკის ცენტრში.

ფოტო: Beauty Lab

Beauty Lab თავდაპირველად ფეისბუქის ჯგუფის სახით ჩამოყალიბდა, რომელში გაერთიანებული ადამიანებიც ერთმანეთს სილამაზესთან დაკავშირებულ რჩევებს უზიარებენ. ჯგუფში წარმართული დისკუსიების შედეგად კი გაჩნდა იდეა, შექმნილიყო აპლიკაცია, რომელიც მოხმარებელს საშუალებას მისცემდა, საკუთარი სმარტფონიდან მოეძიებინა სალონი და დაეჯავშნა პროცედურა.

ფოტო: Facebook/ Keta Bagashvili

პლატფორმის იდეა ჯავშნებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მომხმარებლების გარდა, სალონებისთვისაც აგვარებს. მათ ხშირად ხელით, ექსელის ფაილებით და ფურცელზეც კი უწევთ მომხმარებელთა ჩაწერის დროების აღნუსხვა. ამავდროულად, სალონში მომუშავეებს ზარების პასუხი და ჯავშნების ამ გზით მიღებაც უწევთ ხოლმე, რაც ხშირად დამატებითი ხარჯია, რადგან კომპანიას ამ მოვალების შემსრულებელი დამატებითი კადრები სჭირდება. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი დაჯავშნილ დროზე სალონში არ მიდის, თუმცა ჯავშანს არ აუქმებს.

Beauty Lab-ის აპლიკაცია ზუსტად ამ პრობლემების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული, რათა ერთი მხრივ დაიხვეწოს სალონების მუშაობის ეფექტიანობა, მეორე მხრივ კი გაუმჯობესდეს მომხმარებლების ქცევა.

აპლიკაციის მარკეტებში Beaty Lab სულ რამდენიმე საათია, რაც ხელმისაწვდომი გახდა. ის უკვე AppStore-ის ყველაზე გადმოწერადი აპლიკაციების სამეულში მოხვდა და საკუთარი ადგილი Phubber-ისა და გლოვოს გვერდით დაიკავა.