COVID-19-ის სწრაფი ტესტები, რომლებიც შედეგს 15-დან 30 წუთამდე დროის პერიოდში გვიჩვენებს, მალე მსოფლიოს მრავალ წერტილში გახდება ხელმისაწვდომი, რაც პოტენციურად უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის და როგორც მდიდარ, ასევე ღარიბ ქვეყნებში პანდემიის შენელების წინაპირობა გახდება.

სწრაფ ტესტებს ორი კომპანია განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში 5 დოლარად ან ნაკლებად შეიტანს. ეს ტესტები ორსულობის ტესტს ჰგავს, სადაც ორი ლურჯი ხაზი დადებით შედეგს აღნიშნავს.

სწრაფი, მარტივი და ასევე მაღალხარისხიანი ტესტები ჯანდაცვის სფეროში მომუშავეების სრული სკრინინგის საშუალებას მოგვცემს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განვითარებად ქვეყნებში არის, სადაც სამედიცინო პერსონალი ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშაა.

მდიდარ ქვეყნებს, რომლებმაც კორონავირუსთან გასამკვლავებლად საჭირო აღჭურვილობაზე წვდომის ინიციატივას, ACT-ს მოაწერეს ხელი, ასევე ექნებათ ტესტების შეკვეთის უფლება. ინიციატივა მარტში WHO-ს, ევროპული კომისიის, საფრანგეთის მთვარობისა და გეიტსების ფონდის მიერ ჩამოყალიბდა.

ამ სწრაფი ტესტების გამოყენება სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სამუშაო სივრცეებში იქნება შესაძლებელი. ტესტებმა ყველა შემთხვევა შეიძლება ვერ გამოამჟღავნოს, თუმცა მათი დახმარებით მრავალ ინფიცირებულს სიმპტომების გამოვლენამდე მიაგნებენ და კარანტინში მოათავსებენ.

ერთ-ერთი ტესტი სამხრეთკორეულ კომპანია SD BioSensor-ს ეკუთვნის და მან ახლახან WHO-ს მიერ სასწრაფო გამოყენების უფლება მოიპოვა. მეორე კი ამერიკულ კომპანია Abbott-ს ეკუთვნის და მსგავსი უფლების მოპოვებას ელოდება. კომპანიების თქმით, მათი ტესტები 97%-ით ზუსტია, თუმცა ეს ასე ლაბორატორიულ პირობებშია. რეალურ გარემოში მათი მგრძნობელობა 80%-დან 90%-მდე მერყეობს. ამ პროცენტულობით კი საკმაოდ ბევრი ინფიცირებულის გამოვლენა იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ განვითარებად ქვეყნებში ტესტირების მასშტაბები დაბალია. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში ყოველდღე 100 ათასი ადამიანიდან 395 ტესტირებას იკეთებს. ევროპაში ეს მონაცემი 243-ის ტოლია. აი, აფრიკის შემთხვევაში კი ეს რიცხვი სულ რაღაც 16-ია.

სწრაფი ტესტების ყიდვა ინტერნეტითაცაა შესაძლებელი, თუმცა ამ ახალი ტესტებისგან გასხვავებით, ისინი WHO-ს მიერ დამტკიცებული არ არის.