საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ლიეტუვაში ვიზიტით იმყოფებოდა, ბელარუს ოპოზიციონერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი პულ პერვოი ავრცელებს.

ტიხანოვსკაიას პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა ბელარუსში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ქვეყნები ბელარუსში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილნი არ არიან. საფრანგეთს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველ დემოკრატიას, კარგად ესმის ჩვენი. ამიტომაც ვაპირებ ბატონ მაკრონს, ჩვენი მთავარი მიზანი შევახსენო — ახალ და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ამ წლის განმავლობაში უნდა გაიმართოს", — აღნიშნა ტიხანოვსკაიამ შეხვედრის წინ.

ელისეის სასახლეს შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

აქამდე საფრანგეთის პრეზიდენტს გაცხადებული აქვს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს არ აღიარებს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მოუწოდა, გადამდგარიყო.

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ.

23 სექტემბერს ლუკაშენკომ მოულოდნელად ინაუგურაცია ჩაატარა და პრეზიდენტის ფიცი დადო. მისი ლეგიტიმურობა ევროპის ქვეყნების დიდმა ნაწილმა არ აღიარა.