ამერიკაში 2020 წლის პირველი წინასაარჩევნო საპრეზიდენტო დებატები აშშ-ს დროით 29 სექტემბერს გაიმართება. დებატებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დემოკრატ კანდიდატს, ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.

მოდერატორი Fox News-ის ჟურნალისტი, ქრის უალასია, რომელმაც ხვალინდელი დებატებისთვის 6 თემა უკვე შეარჩია. მათ შორისაა, ტრამპისა და ბაიდენის კარიერული მიღწევები, უზენაესი სასამართლო, კორონავირუსი, ეკონომიკა, რასიზმი და ძალადობა აშშ-ს ქალაქებში, ასევე, არჩევნების ინტეგრაცია.

დონალდ ტრამპი სამართლიანი არჩევნების თემატიკას უკვე ეჭვქვეშ აყენებს. "ვნახოთ, რა მოხდება" — ასე პასუხობს ტრამპი ჟურნალისტის კითხვას: თანახმაა თუ არა, დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაზე.

ტრამპი საარჩევნო ბიულეტენებს ლეგიტიმურად არ ცნობს და კორონავირუსის გამო დაგეგმილ ფოსტით ხმის მიცემას არ ენდობა. შესაბამისად, უარს აცხადებს, ხელისუფლების გადაცემასთან დაკავშირებულ შეკითხვებს მკაფიოდ უპასუხოს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი პირდაპირი გზით არ ირჩევა. კენჭისყრის შემდეგ მას ხმას აძლევს ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც 538 წევრისგან შედგება. კანდიდატს, მინიმუმ, 270 ხმა სჭირდება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. ამიტომ, შესაძლებელია, კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობა დააგროვოს, თუმცა ვერ მიიღოს საკმარისი ხმა კოლეგიისგან და დამარცხდეს. ასეთი მაგალითი იყო 2016 წელს ჰილარი კლინტონის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვებში ჯო ბაიდენი ლიდერობს, არსებობს ე.წ. მერყევი შტატები, სადაც კანდიდატთა რეიტინგებს შორის ძალიან უმნიშვნელო სხვაობაა. მათ შორისაა, მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსი. წინა არჩევნებზე ტრამპმა ამ შტატებში ძალიან მცირე, 0,8%-მდე სხვაობით გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანია, არამედ დებატები, რომელიც ხშირად გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმას განსაზღვრავს.

დებატების დასამახსოვრებელი მომენტები

მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არ არის მიზეზი, რის გამოც ახლა მსოფლიოს ყურადღება სწორედ ამ დღისკენაა მიმართული. აშშ-ში საპრეზიდენტო დებატებს მრავალწლიანი ისტორია აქვს და დასამახსოვრებელი მომენტებით გამოირჩევა. იგი ამერიკის პოლიტიკური კულტურის განუყოფელი ნაწილია და უამრავი სპეციფიკური მახასიათებელი აქვს. დებატების დროს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაზე საუბრობენ, ასევე — როგორ საუბრობენ. მაყურებელს წლების შემდეგაც არ ავიწყდება და არ პატიობს შეცდომებს, რომელთაც კანდიდატები თავისი რეპლიკებით თუ ჟესტებით უშვებენ. თუმცა არსებობს კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ელემენტი და მას არამხოლოდ ამერიკის ამომრჩეველი, არამედ მსოფლიო საზოგადოებაც ძალიან დიდი ინტერესიც ელოდება — კარგი იუმორი. ეს არის ის, რამაც უამრავ კანდიდატს დასამახსოვრებელი სატელევიზიო მომენტები შეუქმნა და დებატებში ოპონენტის დამარცხების კარგ მაგალითად აქცია.

1960 წელს ერთმანეთს რიჩარდ ნიქსონი და ჯონ კენედი დაუპირისპირდნენ. 70 მილიონი ადამიანი თვალს ადევნებდა დებატებს, რომელიც ისტორიაში მხოლოდ იმიტომ არ შესულა, რომ ტელევიზიით პირველად გადაიცემოდა, არამედ იმის გამოც, რომ ნიქსონის უპირატესობის მიუხედავად, კენედიმ მოიგო. ეს აღმოჩნდა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სატელევიზიო სივრცეში საკუთარი თავის წარმოჩენის უნარს აუდიტორია. მოგვიანებით, ეს დებატები შეფასდა, როგორც მოვლენა, როცა მილიონობით ადამიანი კონცენტრირდა იმაზე, თუ რას ხედავდნენ და არა იმაზე — რა ესმოდათ. ამერიკელმა პროდიუსერმა, დონ ჰევიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში ამ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასწორია, როცა პრეზიდენტს იმის მიხედვით ირჩევ, რამდენად კარგი "პერფორმერია" ის.

ფოტო: politico.com

"დიდი გავლენა იქონია იმან, რომ კენედიმ ეს დებატები სერიოზულად აღიქვა. იმ დღეს დაისვენა, კარგად გამოიყურებოდა. ნიქსონისთვის კი ეს მორიგი წინასაარჩევნო კამპანია აღმოჩნდა — დაღლილი მოვიდა სტუდიაში, ავად იყო, ფერიც არ ჰქონდა სახეზე და არც მაკიაჟი გაიკეთა", — იხსენებს ჰევიტი დებატების დღეს.

1976 წელს, ანუ 16 წლის შემდეგ, პირველ სატელევიზიო დებატებში დემოკრატი ჯიმი კარტერი რესპუბლიკელ ჟერალდ ფორდს დაუპირისპირდა. ფორდის მიერ აქ გაჟღერებულ ფრაზას კი დღემდე მიიჩნევენ შეცდომად, რომელმაც მას დებატები წააგებინა. ფრაზა შემდეგი იყო: "საბჭოთა დომინანტობა აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს და ფორდის ადმინისტრაციის პირობებში არც იარსებებს". მოგვიანებით, ფორდის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა: "ვფიქრობ, პრეზიდენტს უნდოდა ეთქვა, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის ბატონობას ევროპაში არ ვაღიარებთ".

მორიგი დასამახსოვრებელი მომენტი 1984 წელს იყო, როდესაც რონალდ რეიგანი 56 წლის დემოკრატ უოლტერ მონდეილს დაუპირისპირდა. როცა 73 წლის პრეზიდენტს ჰკითხეს, ასაკიდან გამომდინარე, გაართმევდა თუ არა თავს მოვალეობებს, რეიგანმა განაცხადა: "მინდა იცოდეთ, რომ ასაკს კამპანიისთვის პრობლემად არ ვაქცევ, რადგან არ მინდა, ჩემი ოპონენტის ახალგაზრდობა და გამოუცდელობა ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო". ბევრი მიიჩნევს, რომ პირველი დებატების შემდეგ, სადაც რეიგანმა არცთუ ისე კარგი შედეგი აჩვენა, მეორედ სწორედ ეს ფრაზა გახდა მისი გამარჯვებისთვის გადამწყვეტი.

ფოტო: newjerseyglobe.com

2000 წელს ჯორჯ ბუშმა ალბერტ გორი დაამარცხა. ამ დებატებში გორის დამოკიდებულება ბუშის მიმართ პოზიტიურად ვერ შეფასდა. იგი ძალიან ხშირად ცდილობდა "დამამცირებლად" და "ამპარტავნულად" საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას და ოპონენტის პასუხებზე "დრამატულად" რეაგირებდა. ამასთან, ერთ მომენტში ელ გორი მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, ოპონენტს მიუახლოვდა და მას დაძაბული აკვირდებოდა, თითქოს კონკურენტი კანდიდატის "დაშინებას" ცდილობდა. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ამ სცენაში არა მისი ქცევა, არამედ ბუშის პასუხი იყო. ამ უკანასკნელმა ლაპარაკი შეწყვიტა, თავი დუმილით გაღიმებულმა დაუქნია და საუბარი განაგრძო. ეს "პასუხი" შემდეგ შეაფასეს, როგორც წამი, როცა ჯორჯ ბუშმა არჩევნები მოიგო.

2012 წელს ბარაკ ობამა მიტ რომნის დაუპირისპირდა. არც ეს დებატები აღმოჩნდა გამონაკლისი და რომნისგან აუდიტორიამ ის დასამახსოვრებელი ფრაზა მიიღო, რომელიც შემდგომ ყველა სოციალურმა ქსელმა აიტაცა. მან ერთ-ერთი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კითხვას სამუშაო გარემოში გენდერული უთანასწორობის შესახებ უპასუხა, რომ გაუკვირდა, როცა აღმოაჩინა, რომ მასთან დასაქმებულთა უმრავლესობა კაცი იყო. ობამას ოპონენტმა განაცხადა, რომ მას შემდეგ კვალიფიციური ქალი თანამშრომლების ძიება დაიწყო.

"მივედი ქალთა რიგ ჯგუფებთან და ვთხოვე, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ხალხის მოძიებაში? მათ კი ფაილები მოგვიტანეს ქალების რეზიუმეებით სავსე", — ამ უკანასკნელმა ფრაზამ (Binders full of women) ვერ გაამართლა რომნის მცდელობა ეჩვენებინა, რომ მას სამუშაო გარემოში გენდერული თანასწორობა "ადარდებს".

2016 წელს ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ დებატებს ტელევიზიით 84 მილიონმა ადამიანმა ადევნა თვალი და მანამდე არსებული ყველა პროცესის რეკორდი მოხსნა. მეორე დებატები კი, ოპონენტებს შორის პირადი დაპირისპირებებისა და შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა. როცა ტრამპს ჰკითხეს, წინასაარჩევნოდ გავრცელებულ 2005 წლის ვიდეოზე, სადაც ის ქალების შესახებ სექსუალურ რეპლიკებს აკეთებდა, ტრამპმა თავის დაძვრენა მოწინააღმდეგის ქმრის, ბილ კლინტონის დადანაშაულებით სცადა.

"თუ ბილ კლინტონს შეხედავთ, დაინახავთ, რომ ის გაცილებით უარესს უკეთებდა ქალებს", — განაცხადა ტრამპმა.

ფოტო: businessinsider.com

ამასთან, დებატების დროს ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ტრამპის "ტემპერამენტის" გათვალისწინებით, კარგია, ის კანონმდებლობას რომ ვერ აკონტროლებს, რაზეც აშშ-ს აქ უკვე მოქმედმა პრეზიდენტმა უპასუხა: "ამ შემთხვევაში შენ ციხეში იქნებოდი".

ბოლო დროს დონალდ ტრამპის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციებს თუ დავეყრდნობით, ამერიკის პრეზიდენტს უამრავ ისეთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხების გაცემა, რომელთაც წლების მანძილზე არიდებდა თავს. მაგალითად, 17 სექტემბერს The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპს ყოფილი მოდელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამას The New York Times-ის ჟურნალისტური გამოძიება მოჰყვა, რის შედეგადაც დგინდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალურ საშემოსავლო გადასახადებს თავს არიდებდა. აქედან გამომდინარე, მოლოდინები მოახლოებული საპრეზიდენტო დებატების შესახებ უკვე არსებობს. სტრატეგისტი, ბრედ ბენონი The Guardian-თან ამბობს, რომ საკუთარი "პრობლემესიგან" ყურადღების გადატანის მიზნით, ტრამპი ეცდება, ბაიდენს პიროვნულად დაესხას თავს, რა დროსაც მნიშვნელოვანია, დემოკრატმა კანდიდატმა სიმშვიდე შეინარჩუნოს და ტრამპს აუღელვებლად დაუბრუნოს პასუხები.

აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო დებატები საქართველოს დროით 30 სექტემბერს გაიმართება. საზოგადოება მხარეებისგან თემების მნიშვნელოვანი აქცენტებით განხილვასთან ერთად, დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე დებატებსაც ელის.