ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ძალადობრივი კამპანია, როგორიც ნიკა მელიას და ბოლნისის შემთხვევის დროს იყო, ამყარებს არგუმენტს, რომ ხელისუფლებას შესაძლო წარუმატებლობის შიში აქვს. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ამგვარი ქმედებებით ისინი პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას ცდილობენ.

წერეთელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად აკვირდება ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო პროცესს და შეცდომები, შესაძლოა, არამარტო ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქვეყანას ძვირად დაუჯდეს.

"განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავრობას სურს საარჩევნო კამპანია ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად, ჯერჯერობით, მხოლოდ სიტყვებია, რადგან ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია საჯარო მოხელეების მობილიზება და ხშირ შემთხვევაში არის ფაქტები არაკანონიერი ზეწოლისა, როგორიცაა პირადობის მოწმობების მოთხოვნა, რაც, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის ცუდი პრაქტიკა, რომელიც, როგორც ჩანს, არ დასრულებულა, მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", — განაცხადა გიგი წერეთელმა.

მარნეულის მუნიციპალტიტეტის სოფელ სადახლოში პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთ აქტივისტს, რამილ აბდულაევს ტირის თოფიდან ესროლეს. პარტიის მხარდამჭერს ტყვია საარჩევნო ბანერის გაკვრის დროს, ფეხში მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ სოფელ სადახლოში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მანამდე, 27 სექტემბერს გვიან ღამით, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ქვები ესროლეს.