კლუბ ბასიანთან სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ ბ.ჩ.-ს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

2020 წლის 12 იანვარს ღამის საათებში, ცეცხლსასროლი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებული არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესს და შეიჭრა კლუბ ბასიანის ტერიტორიაზე. ხმამაღლა, გინებით ითხოვდა კარის გახსნას, რის გამოც სანადირო თოფიდან 15-მდე ტყვია გაისროლა. შედეგად ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში მომუშავე პერსონალმა მიიღო.

უწყების ინფორმაციით, საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა, სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბ.ჩ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაული.

ბ.ჩ.-ს ბრალი 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.