დიდ ბრიტანეთში მეცნიერები მზად არიან, რომ ჯანმრთელი მოხალისეები კორონავირუსით შეგნებულად დააინფიცირონ. ამგვარად, ეს იქნება კორონავირუსის მსოფლიოში პირველი, კონტროლირებადი დაინფიცირების კვლევა, რომელსაც პოტენციური ვაქცინის ეფექტიანობის დასადგენად ჩაატარებენ.

კვლევა 2021 წლის იანვრისთვის, ლონდონში მდებარე იზოლირებულ შენობაში დაიწყება, როგორც ამას გამოცემა Financial Times იუწყება. მოხალისეები კვლევამდე ერთი თვით ადრე პოტენციური ვაქცინით აიცრებიან, რის შემდგომაც მეცნიერები მათ Sars-Cov-2 ვირუსით მიზანმიმართულად დააინფიცირებენ.

აღნიშნული კვლევების საბოლოო მიზანი დროის მოგება გახლავთ — მეცნიერები ხელოვნურად შექმნიან ისეთ გარემოს, სადაც აცრილი ინდივიდი კორონავირუსით დადასტურებულად დაინფიცირდება. გრიპის ვაქცინის მაგალითზე, ამისათვის მინიმუმ რამდენიმე თვე მაინც იყო საჭირო: აცრილი ადამიანი ბუნებრივ პირობებში განაგრძობდა ცხოვრებას და, თუ მეცნიერებს გაუმართლებდათ, იგი დამოუკიდებლად დაინფიცირდებოდა ვირუსით. ადამიანის კონტროლირებადი დაინფიცირების კვლევა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ყველაზე იმედისმომცემი ვაქცინები გამოკვეთონ.

სხვა დაავადებებზე მოხალისეების კონტროლირებული დაინფიცირების კვლევები ადრეც წარმატებით ჩატარებულა. მათ შორის გახლავთ: ქოლერა, ტიფი და მალარია. მსოფლიოს პირველი, ყვავილის ვაქცინაც სწორედ ამგვარად გამოიცადა. რა თქმა უნდა, მსგავსი მიდგომა ახლა, დღევანდელი ეთიკური გადმოსახედიდან, მიუღებელია.

1976 წელს ყვავილმა პლანეტის მთელი მოსახლეობის 10% გაანადგურა. დაავადების გამომწვევის მცირე დოზით ადამიანის შეგნებულად დაინფიცირება იმ დროს გავრცებული პრაქტიკა გახლდათ. მიიჩნეოდა, რომ ამის შემდგომ იგი იმავე დაავადებას უფრო მარტივად გადაიტანდა

იმ პერიოდში ინგლისში მცხოვრებ მეცნიერს, ედუარდ ჯენერს გაგებული ჰქონდა, რომ ძროხის მწველავები ყვითელასგან დაცულები იყვნენ, რადგანაც მათ უფრო მსუბუქი დაავადება, ძროხის ყვავილი ჰქონდათ გადატანილი. თავისი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ჯენერმა მწველავის ხელზე არსებული წყლულიდან ქსოვილის ნაწილი აიღო და იგი საკუთარი თანამშრომლის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს ინექციის სახით მხარში შეუყვანა, ამის შემდეგ კი იგი ყვავილით შეგნებულად დააავადა. რამდენად ეთიკურია პოტენციურად სასიკვდილო დაავადებით თქვენი ისეთი თანამშრომლის შვილის დაინფიცირება, რომელიც ამ მანიპულაციაზე უარს ვერ გეტყვით, ადვილი წარმოსადგენია.

ფოტო: ALAMY

ედუარდ ჯენერმა ბავშვს ყვავილის კიდევ 20 დოზა მისცა, რათა სრულებით დარწმუნებულიყო, რომ ვაქცინა მუშაობს. ამის შემდგომ იგი 2 წლის მანძილზე მსგავს ცდებს მოსამსახურეებზე, ღარიბ ფერმერებსა და მათ ბავშვებზე ატარებდა. რომ წარმოიდგინოთ, თუ რამდენად სარისკო გახლდათ ეს საქმიანობა, უნდა გაიაზროთ, რა იდო სასწორის მეორე მხარეს: თუკი ადამიანებს ჯენერის ვაქცინა ვერ დაეხმარებოდა, გამოვიდოდა, რომ ის მათ შეგნებულად კლავდა.

მსგავსი ეთიკური საკითხები COVID-19-ის კვლევების შესახებ დღის წესრიგში არ დგას: კვლევაში ჩართული ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანები არიან, რომელთაც, მოხუცი ასაკის ადამიანებთან შედარებით, დაავადების მიმართ დაბალი რისკი აქვთ. თუმცა, რთულია იმის მტკიცებაც, რომ ეს ყველაფერი სარისკო არ არის.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კვლევაში ჩართვის სურვილს ბევრი ადამიანი გამოთქვამს. ვაქცინის კვლევებში შესატანი ცვლილების მომხრე მოხალისეთა ჯგუფმა, 1DaySooner, დიდ ბრიტანეთში უკვე 2 000 ადამიანი დაარეგისტრირა. ორგანიზაციას მსოფლიოს მასშტაბით 37 ათასი მოხალისე ჰყავს. ლონდონის საიმპერიო კოლეჯი და ფარმაცევტული ბიო-ტექ კომპანია hvivo ერთობლივი პროექტით წარადგენენ მოთხოვნას დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, რათა გამოიყოს თანხა 100-200 მოხალისეზე გათვლილი დიდი საკარანტინო შენობისთვის.

"ვფიქრობ, რომ კონტროლირებული დაინფიცირების კვლევებს ათასობით სიცოცხლის გადარჩენის და პანდემიის მალე დასრულების პოტენციალი აქვს. მე COVID-19-ის ყველაზე დაბალი რისკის ჯგუფში შევდივარ. რატომ არ უნდა შემეძლოს, რომ არჩევანი გავაკეთო და ისეთ ადამიანებს დავეხმარო, რომლებიც დაავადებას ჩემზე მძიმედ გაუმკლავდებიან?" — განაცხადა 1DaySooner-ის პეტიციის ორგანიზატორმა, 18 წლის ალისტერ ფრეიზერ-ურკრატმა.

რა თქმა უნდა, კორონავირუსით შეგნებულად დაინფიცირებას თავისი ეთიკური გამოწვევებიც თან ახლავს. მაგალითად, ამჟამად დაავადების ეფექტიანი მკურნალობის ზუსტი საშუალება არ გვაქვს და დაავადების შორეული გართულებები ჯერ კიდევ აღმოჩენის პროცესშია. კვლევას ჩატარების უფლება დამოუკიდებელმა ეთიკურმა კომიტეტმა უნდა მისცეს. ამას ემატება დიდი ბრიტანეთის სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოც, რომელმაც კვლევის რისკები და პოტენციური სარგებელი უნდა აწონ-დაწონოს.

"იმ დროს, როცა COVID-19-ის მიერ გამოწვეული უპრეცედენტო, გლობალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, ჩვენი ეთიკური ვალდებულებაა, რომ კარგად კონტროლირებადი, შეგნებულად დაინფიცირების კვლევა ჩავატაროთ, რათა ამგვარად ჯერ ვაქცინის წარმოებას, ხოლო შემდგომ საუკეთესო ვაქცინის გამოვლენას შევუწყოთ ხელი. კვლევიდან აღმოცენებული პირველი ვაქცინები საეჭვოა, რომ საუკეთესო იყოს", — განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ეთიკის პროფესორმა, დომინიკ ვილკისნონმა.