აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთი არ მონაწილეობს. ამის შესახებ მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ისაუბრა.

ბაირამოვის თქმით, დღეს ძირითადად აზერბაიჯანი რუსულ შეიარაღებას იყენებს.

"არანაირი თურქული ჩარევა არ არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ აზერბაიჯანსა თურქეთს შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, აზერიბაიჯანს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აქვს რიგ ქვეყნებთან, მათ შორის, დიდ წილად რუსეთთან", — განაცხადა მინისტრმა.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეტაკებებს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც. მისი თქმით, სომხეთმა უნდა დატოვოს აზერბაიჯანის ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული აქვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთი მებრძოლ-ტერორისტებს იბირებს და აზერბაიჯანში აგზავნის. ამასთან, სომხეთში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელებთან ერთად თურქი სამხედრო ინსტრუქტორებიც იბრძვიან, რომლებიც თურქულ იარაღს იყენებენ, მათ შორის უპილოტო საფრენ აპარატებსა და სამხედრო თვითმფრინავებს.

მსგავსი განცხადება გუშინ გაავრცელა თვითაღიარებული რესპუბლიკის, არცახის (ყარაბაღი) პრეზიდენტმა. მისი თქმით, აზერბაიჯანთან ერთად სამხედრო შეტაკებაში თურქული ჯარებიც ჩაერთო და ამის მტკიცებულებები აქვს.

თავის მხრივ, თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებაში ისევ სომხეთს ადანაშაულებს და აზერბაიჯანს "მთელი გულით" მხარდაჭერას დაჰპირდა.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს. გთავაზობთ დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში.

სომხეთმა სამხედრო მდგომარეობა და სრული მობილიზაცია გამოაცხადა, აზერბაიჯანში კი ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს. როგორც ოფიციალური უწყება განმარტავს, ამის მიზეზი "სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციების" არიდებაა.

სომხეთის პრემიერმინისტრის, პაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა წამოიწყო. აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ ეს პასუხი იყო დაბომბვაზე, რომელსაც მოქალაქეები შეეწირნენ.

ამავე თემაზე: