ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშილი, ეპიდემიასთან საბრძოლველად მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და მათ კითხვებით მიმართავს:

"1. დღეს ქვეყანაში PCR ტესტის ჩატარების დღიური სიმძლავრე 9 000-9 500-მდეა (ასე ჩანს სტატისტიკიდან). ნაცხი შეგვიძლია ავიღოთ თუნდაც 20 000, მთავარია ერთ დღეში რამდენის პასუხი გვეცოდინება. თუ ავიღებთ 9 500-ზე მეტს, ტესტების ნაწილის პასუხი მოვა ორი დღის შემდეგ. საქართველოში უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კარანტინში მყოფი ადამიანები ტესტის პასუხს ორ დღეზე მეტს ელოდნენ. ეს არაა მხოლოდ ჩვენი პრობლემა. მაგალითად, ამერიკაშიც იდგა ეს პრობლემა გაზაფხულიდან მოყოლებული, ოღონდ იქ პრობლემა მაშინვე დაუდგათ. ჩვენ 7 თვე გვქონდა რომ სიმძლავრეები გაგვეზარდა. როგორ გამოვიყენეთ?

2. იქნებ 9 500 საკმარისია? შეიძლება ჯერ კიდევ საკმარისია, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ ვირუსის შეკავების ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსი გაზაფხულზე უყაირათოდ გაფლანგა და მოქმედების მანევრი შეზღუდული აქვს, უნდა ველოდოთ ინფიცირებულთა მატებას. გვყოფნის ლაბორატორიული სიმძლავრე კონტაქტების გაათმაგებული და გაასმაგებული რაოდენობის დროულად დასადგენად და დასატესტად? თუ ამაზე ხელი ავიღეთ და ახლა, უბრალოდ, იმათ ვტესტავთ, ვისაც სიმპტომები გამოუვლინდება?

3. მაშინაც კი, როდესაც ვირუსი იწყებს ისეთ გავრცელებას, როგორიც სექტემბრის დასაწყისიდან გვაქვს, გავრცელების კლასტერების (მათ შორის, უსიმპტომო ინფიცირებულების) გაფართოებული დიაგნოსტიკით დაჭერა საკვანძოა. PCR ტესტების ჩატარების სიმძლავრეები თუ არ გვყოფნის, არა PCR, სწრაფი ტესტების გამოყენება უნდა დავიწყოთ. დგას ამის საჭიროება? რა რესურსი გვაქვს? რამდენს და როგორ ვიყენებთ?

სიკვდილიანობის მატება ვირუსის გავრცელების ყველაზე ტრაგიკული და, იმავდროულად, ყველაზე მკაფიო ინდიკატორია", — განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.