სტრატეგია აღმაშენებლში აცხადებენ, რომ თბილისის მერია მათ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელს უშლის და უსამართლოდ აჯარიმებს. მერიაში კი ამბობენ, რომ პარტია კანონს არღვევს და იმ მუხლზე მიათითებენ, რომელიც თბილისის იერსახის "თვითნებურად შეცვლას" გულსხმობს.

იერსახის შეცვლაში მერია გულისხმობს სტრატეგია აღმაშენებლის კარვებს, რომლებსაც პარტიის თქმით, დროებით ათავსებენ მეტროს მიმდებარედ ხელმოწერების შესაგროვებლად. როგორც სპიკერი თეონა აქუბარდია ამბობს, მერიის სამსახურები ყოველდღიურად დიდი ოდენობის ჯარიმებს გზავნიან და მიუხედავად საქმის ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებისა, პასუხს აგვიანებენ.

"ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მერიამ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ შეგვიზღუდოს, ისინი გვეუბნებიან, რომ ის კარვები, რომლებსაც დროებით ვანთავსებთ მეტრო სადგურებთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით არის თბილისის იერსახის დამახინჯება და თურმე ჩვენ, როგორც კომერციულმა ორგანიზაციამ ისე უნდა შევისყიდოთ ფართი წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად", — თქვა აქუბარდიამ.

თბილისის მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ პარტია კანონის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით დაჯარიმდნენ, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებურად შეცვლას.