ლელოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და პასუხისმგებლობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს დააკისრა.

"მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტები ინარჩუნებენ სიმყარეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ომია. ქართული ლარი კი, ბოლო 2 კვირის მანძილზე, უწყვეტად განაგრძობს გაუფასურებას. ლარის კურსმა, დოლართან მიმართებით, პანდემიის დროს იპოვა წონასწორობის ახალი წერტილი დაახლოებით 3.00-ის ფარგლებში. თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად გაუფასურდა, მაშინ, როცა ძირეულად არაფერი შეცვლილა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 3 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელსაც თავისუფლად შეეძლო კურსის დასტაბილურება. სად წავიდა ეს თანხა? რატომ არ მიმართავს ეროვნული ბანკი ინტენსიურ ინტერვენციებს, რათა დააბრუნოს ლარი ბუნებრივი წონასწორობის წერტილში?" — აცხადებს მიქაუტაძე.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლელოს ინიციატივას სავალუტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით.

"ეროვნულმა ბანკმა უნდა დაადგინოს სავალუტო დერეფანი და მართოს ლარის კურსი ამ ჩარჩოებში, რათა დაამშვიდოს ბაზარი. დღეს ეროვნულ ბანკს აქვს ამის რესურსი. მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მაღალ ინფლაციას წლის ბოლოს" — ამბობს მიქაუტაძე.

ის ასევე შეეხო საბანკო სესხებს. საშეღავათო პერიოდი დასრულდა, კრიზისი კი ისევ რჩება და მთავრობა არაფერს სთავაზობს მოსახლეობას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით.

"არაერთმა ქვეყანამ გადაავადა სესხების გადახდა ერთი წლით. ეს მოხდა იმის საფუძველზე, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობამ შეიმუშავეს ახალი სქემა. ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოშიც. მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო სექტორმა უნდა შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების გზა, რომელიც პანდემიით დაზარებულ ადამიანებსა და კომპანიებს ექვსი თვით მაინც მისცემს სესხების გადავადების საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი შავ სიაში აღმოჩნდება და მივიღებთ საბანკო კრიზისს, რომელიც საბოლოოდ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება", — აცხადებს მიქაუტაძე.