სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ პასუხისმგებლიან მთავრობას, რომელიც იზრუნებს საკუთარ მოქალაქეებზე და შესთავაზებს სტრატეგიულ სამოქმედო მყისიერ გეგმას.

„საქართველო უმძიმეს კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება და შესაბამისად, აუცილებელია, ხელისუფლებაში იყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები და ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ, ოპოზიცია ამ ხელმოწერებით ვაფიქსირებთ, რომ გვჯერა, საქართველოს აქვს მომავალი და ამ მომავლისთვის მთავარი სისტემური, კომპლექსური და გეგმაზომიერი რეფორმებია. დღეს ჩვენ ვაწერთ ხელს რეფორმების პაკეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი, ეს არის მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება და ეკონომიკური განვითარება და მეორე ეს არის განათლების რეფორმა. ყოველივე ეს მნიშვნელოვანი ფუნდამენტია, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. განათლების სისტემაში ჩვენ მაქსიმალურად ვემხრობით დეცენტრალიზაციას — მეტი დამოუკიდებლობა სკოლებს და მასწავლებლებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ პოლიტიკური წნეხისგან განათლების სისტემა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ მაქსიმალურად ვემხრობით, რომ ბიუროკრატიული წნეხი შემცირდეს ეკონომიკაზე, მიწისა და საკუთრების რეგისტრაცია აღარ იყოს თავის ტკივილი მოქალაქეებისთვის და რაც მთავარია, დაიწყოს ეკონომიკამ სწრაფი განვითარება", — ამბობს ვაშაძე.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ შეთანხმება, რომელზეც ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს, ქვეყანას შექმნილი მძიმე კრიზისიდან იხსნის, რის შედეგადაც დაიწყება აღმშენებლობა.

აქამდე ოპოზიციურმა ძალებმა უკვე მოვაწერეთ ხელი მართლმსაჯულების, სასამართლოსა და შინაგან საქმეთა ორგანოების ანუ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმებს და ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ეს არის ბოლო დოკუმენტი, რომელსაც ვაწერთ ხელს და ვთანხმდებით. ყველა ფუნდამენტურ საკითხზე გვაქვს შეთანხმება და ზუსტად ვიცით, რომ მოვდივართ ხელისუფლებაში, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და მოვიტანოთ სიკეთე საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ვულოცავ ამ ნაყოფიერი მუშაობის შედეგს და რაც მთავარია, მთავარი მოსალოცი იქნება მაშინ, როცა ეს რეფორმები რეალიზებას დაიწყებს", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.