არასამთავრობო ორგანიზაციები შეშეფოთებას გამოთქვამენ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მხრიდან სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მორიგ კრიტიკას. როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ომბუდსმენზე თავდასხმა ჩვევად იქცა.

14 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განაცხადებაში აღნიშნავს, რომ ამ კრიტიკის ერთადერთი მიზანი, კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია და ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანაა.

ხ"წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, ისევე როგორც, გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი და დღესდღეობით — ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არაჯანსაღ და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე, განმეორებით მიუთითებენ როგორც საერთაშორისო მისიები, ასევე, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები", — ნათქვამია ერთობლივ წერილში.

მათ მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის წარომადგენლების აშკარა და პირდაპირი თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დისკრედიტაციას. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, თავი შეიკავონ ნინო ლომჯარია მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან პირდაპირი თუ ირიბი გზებით.

განცხადებას ხელს აწერენ: ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), უფლებები საქართველო (Rights Georgia), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს მედია-კლუბი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საფარი ,მწვანე ალტერნატივა.

25 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარია კვლავ გააკრიტიკა და უპასუხისმგებლო, სამარცხვინო და ოპოზიციონერი ომბუდსმენი უწოდა. იგი სახალხო დამცველის გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წევრებს ემუქრებიან.

კობახიძის თქმით, რამდენიმე წელია ლომჯარია აცხადებს, რომ ვიღაცეებს ემუქრებიან და ძალადობენ, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დაასახელა, ვისზეა საუბარი. მისი თქმით, ეს ეჭვს აჩენს და უპასუხისმგებლობაა.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, წინასაარჩევნოდ უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და პირადი ცხოვრების გამოყენებით ადამიანების დაშინებაც ხდება. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ საარჩევნოდ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების გამო არავინ დასჯილა.

ეს პირველი შეთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდის წევრები ომბუდსმენს აკრიტიკებენ განსხვავებული აზრის ქონისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო.