ენერგეტიკა აფხაზეთში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია — შექმნილ სიტუაციას ასე თავად აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ. ენერგოსფეროში აქამდე არსებულ მძიმე ვითარებას აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგზე აკრძალვის მოხსნაც ემატება. დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე ანქუაბმა ბიტკოინის გამომუშავების ლეგალიზაციის განკარგულებას ხელი მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მოაწერა.

აფხაზეთში კრიპტოვალუტა 2016 წლიდან ვითარდება. 2018 წელს მისი მოპოვება აკრძალეს, რადგან მაინინგმა რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ადგილობრივ კომპანია ჩერნომორენერგოში არ მალავენ, რომ აფხაზეთში სოფელი არ არის დარჩენილი, სადაც კრიპტოვალუტის მაინინგი არ მიმდინარეობს. შედეგად, ელექტროენერგიის 30%-ს მაინერები მოიხმარნენ.

ქართულ და აფხაზურ მხარეს შორის 1990-იან წლებში მიღწეული "ჯენტლმენური" შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 60% ქართულ მხარეზე, 40% კი აფხაზეთზე გადანაწილდა. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს გადანაწილება თითქმის არასდროს სრულდებოდა და ზამთრის პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიის 100%-სა და მეტს მოიხმარდა.

კომპანია ჩერნომორენერგოში, რომელიც, მათ შორის, ანაწილებს ელექტროენერგიას ენგურჰესიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, ამბობენ, რომ გამოყოფილი 40% მათ უკვე გამოიყენეს და ამჟამად მომდევნო წლის ლიმიტს ხარჯავენ. ამას ემატება ისიც, რომ 2021 წლის თებერვალში ენგურჰესი დაახლოებით 4 თვის განმავლობაში, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაჩერდება. ჩერნომორენერგოს წარმომადგენლის, რუსლან კვარჩიას თქმით, გაჩერებამდე გამომუშავებული ელექტროენერგიის 70%-ს ენგურჰესი აფხაზურ მხარეს მიაწვდის, რათა წარმოქმნილი დეფიციტი შეამციროს. დეფიციტი წლის ბოლომდე, დაახლოებით, 240 მილიონ კილოვატ/საათი იქნება.

ქართული მხარე აქამდეც აღნიშნავდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიას არარაციონალურად მოიხმარდნენ. ამას დღეს უკვე აფხაზეთშიც აღიარებენ. საქმე ისაა, რომ რეგიონში გამრიცხველიანების სისტემა არ მოქმედებს, რაც დენის "უმოწყალო" მოხმარებას იწვევს. გამრიცხველიანების სისტემის არარსებობის გარდა, ელექტროენერგიის არაეკონომიურ ხარჯვას ხელს ისიც უწყობს, რომ ენგურჰესი აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ აწვდის.

გარდა ამისა, აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასურიც ძალიან დაბალია. ენგურჰესის გარდა, სხვა მიმწოდებლების ფასი ფიზიკური პირებისთვის კილოვატ/საათზე 40 რუსულ კაპიკს შეადგენს, რაც, საშუალოდ, 1 თეთრია.

ამ დროს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დენზე საფეხურეობრივი ტარიფი მოქმედებს და ელექტროენერგიის ღირებულება 14-დან 23 თეთრამდეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თელასის ტარიფებით, დენის ტარიფი 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით 14 თეთრია, 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით — 18, ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი — 23 თეთრი.

აფხაზეთის სხვა რაიონებისგან განსხავებით, ელექტროენერგიის საფასურს გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა თანმიმდევრულად იხდის. ისინი ელექტროენერგიაში ყოველწლიურად 4 800 რუსულ რუბლს (200 ლარი) იხდიან, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხება. ეს თანხა თვეში ფიქსირებული 400 რუბლია (₾17). ენგურჰესი თავის გამომუშავებულ ელექტროენერგიაში აფხაზეთიდან თანხას არ იღებს და მოსახლეობის მიერ გადახდილი ფული აფხაზურ მხარეს რჩება. მათ თანხა ადგილობრივ რუსულ სბერბანკში შეაქვთ ან გადასახადს თითოეული მოსახლისგან სოფლის გამგებელი კრებს. სოფლის გამგებელს თან შეიარაღებული პირი დაჰყვება, რათა ურჩ გადამხდელებიდან, ასეთების არსებობის შემთხვევაში, თანხის შეგროვების საქმე გაიმარტივოს.

"სოფლის გამგებელი გვაკითხავდა სულ სახლში, მას ვაძლევთ ელექტროენერგიის საფასურს და შემდეგ, როგორც ვიცით, შეაქვს ბანკში. გადახდის ქვითარს ადგილზე გვაძლევს", — ამბობს სალომე ქობალია, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან.

გალი, ცენტრალური ქუჩა

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

"რაც თავი მახსოვს, სულ ვიხდიდით. ბოლო წლებში აქაურ ბანკში შეგვაქვს ფული, მანამდე სახლში გვაკითხავდნენ, თხილის სეზონი როცა იყო, ერთიანად შეგვქონდა თანხა", — გვეუბნება გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, 15 ნოემბრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში დენს სამჯერ გათიშავენ და მოსახლეობას გრაფიკით მიაწვდიან.

ჩერნომორენერგოს ცნობით, რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 5-9% -ით იზრდება. რუსლან კვარჩია აფხაზურ ტელევიზიასთან ამბობს, რომ პრობლემურია მოსახლეობიდან თანხის ამოღებაც. კვარჩიას თქმით, გადასახადის, დაახლოებით ნახევარი — 54% გროვდება.

რას ამბობენ დარგის ექსპერტები?

ენერგეტიკოსი, გია არაბიძე On.ge-სთან აღნიშნავს, რომ აფხაზეთი, სადაც 240 000 ადამიანი ცხოვრობს, იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც მილიონიანი თბილისი. არაბიძის თქმით, გასულ წლებში ქართული მხარე აფხაზეთში გამრიცხველიანების სისტემის მოსაწესრიგებლად მზაობას გამოთქვამდა, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთში არ დათანხმდნენ.

"კრიპტოვალუტის მაინინგი აშკარად გამოიწვევს ელექტროენერგიის ზრდას. ისედაც კატასტროფული მოხმარება აქვთ. თებერვლის შემდეგ ჩვენს ენერგეტიკაში ძალიან რთული პერიოდი დგება და ვფიქრობ, იმპორტირებული ენერგიის შემოტანა გაიზრდება", — ამბობს არაბიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის დირექტორი, მურმან მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ის შექმნილ სიტუაციას ძარცვას ადარებს. მარგველაშვილი საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვას ითხოვს.

"ეს არის ძარცვა, რომელსაც წინ ვერ უდგება საქართველოს ვერცერთი მთავრობა. იმ არგუმენტით, რომ თანამოქალაქეები არიან და როგორ უნდა შევუწყვიტოთ ელექტრომომარაგება. მოქალაქეები ჩვენც ვართ, მაგრამ ვიხდით", — აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

რა იქნება ენგურჰესის დროებით გაჩერების შემდეგ?

2021 წლის თებერვლისთვის ჰიდროელექტროსადგურ ენგურჰესზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი. 15,5 კილომეტრი სიგრძის დერივაციული გვირაბი გადაუდებელ განახლებას საჭიროებს. ეს ის გვირაბია, საიდანაც წყალსაცავიდან წყალი აგრეგატებს მიეწოდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, წყალი უნდა დააშრონ და იმ აგრეგატების მუშაობა შეაჩერონ, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაახლოებით, 4 თვეს გასტანს.

სარემონტო სამუშაოების გამო, რეგიონს მიმდინარე წელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ენგურჰესის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხიდან 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია, 38 მილიონი კი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) სესხია, რომელსაც შპს ენგურჰესი დაფარავს.

ვისგან მიიღებს დენს ოკუპირებული აფხაზეთი?

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული მხარის მიერ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის შესყიდვა არ იგეგმება და ენგურჰესის დროებით გაჩერების პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს.

"ჩვენი ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ცდილობს გაატაროს გარკვეული ზომები იმისთვის, რომ მოხდეს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება", — განუცხადეს On.ge-ს ენერგეტიკის სამინისტროში.

რაშია გამოსავალი?

შექმნილ ვითარებაში ქართული მხარე გამოსავალს აფხაზეთში ელექტროენერგიის მომხმარებლების სრულ გამრიცხველიანებასა და სამომავლოდ მათ მიერ მოხმარებული ენერგიის ღირებულების მთლიან ამოღებაში ხედავს. "ამოღებული თანხის მიმართვა უნდა მოხდეს ელექტროენერგიის გენერაციის წყაროებზე და ასევე, ქსელურ გადამცემ და გამანაწილებელ კომპანიებზე. მნიშვნელოვანი ინვესტიციებია, აგრეთვე, განსახორციელებელი აფხაზეთში ელეტროენერგიის მიწოდების ინფრასტრუქტურაშიც", — აცხადებენ უწყებაში.

ვინ მიაწვდის დენს საქართველოს ენგურჰესის დროებით გაჩერების პერიოდში?

ეკომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ენგურჰესის დროებითი გაჩერების შემდეგ, საქართველოს ელექტოენერგიით მომარაგება ქვეყანაში არსებული ელექტროსადგურების საშუალებით მოხდება, ხოლო წარმოქმნილი ენერგოდეფიციტი მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით დაიფარება.

დღესდღეობით, ენგურჰესი ერთადერთი ობიექტია, სადაც ქართველები და აფხაზები შეთანხმებულად მუშაობენ. ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები, მართვის პულტი, აფხაზეთის მხარეს, კაშხალი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

ენგურჰესის აგრეგატები საქარველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში

ფოტო: ენგურჰესი

ჰიდროელექტროსადგურ ენგურჰესის პირველი აგრეგატი 1978 წლის 5 ნოემბერს ამუშავდა. კომპანიის ინფორმაციით, თავისი არსებობის 42 წლის მანძილზე, კომპანიამ 120 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ენგურჰესის წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგების 35%-ზე მეტს შეადგენს.