უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჯეიმს კამერონის ავატარის შემდგომი ფილმები ნელ-ნელა ფინიშის ხაზს მიუახლოვდა. ცოტა ხნის წინ რეჟისორმა გაამხილა, რომ ავატარი 2-ის გადაღებები "100 პროცენტით დასრულებულია", ავატარი 3-ის კი — "95 პროცენტით".

არნოლდ შვარცნეგერთან Zoom-ის ინტერვიუს დროს კამერონმა მისი 2009 წლის ბლოკბასტერის მომდევნო ფილმებზე ისაუბრა.

"კოვიდმა ჩვენც ისევე დაგვაზიანა, როგორც ყველა სხვა... ფილმზე მუშაობის დაახლოებით ოთხთვე-ნახევარი დავკარგეთ. ამის შედეგად, ფილმი ერთი წლის დაგვიანებით, 2022 წლის დეკემბერში, გამოვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფილმის დასასრულებლად დამატებითი წელი მაქვს, რადგან როგორც კი ავატარ 2-ს გამოვუშვებთ, მაშინვე ავატარი 3-ის დასრულებაზე დავიწყებთ მუშაობას", — თქვა რეჟისორმა.

კამერონმა ავატარი 2 პირველად ათწლეულის წინ, 2010 წელს, დააანონსა, მაგრამ ფილმის გამოსვლის თარიღი მუდმივად იწევდა. მარტში პანდემიის გამო ინდუსტრიის შეჩერების შემდეგ ფილმზე მუშაობა ცოტა ხნის წინ განახლდა და 2021 წლისთვის დაგეგმილი პრემიერის გადაწევა მოუწია.

სექტემბერში პროდიუსერმა ჯონ ლანდაუმ ფრენჩაიზის ერთ-ერთი მსახიობის, სიგურნი უაივერის, ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც ის 900 000-გალონიან წყლის აუზშია, მანამდე კი მსახიობდა გუნდის სხვა წევრების — სიქველებში დაბრუნებული სემ უორტინგტონისა და ზოი სალდანას და ახალწვეული ქეით უინსლეტისა და კლიფ კერტისის — ფოტოები.

როგორც ცნობილია, ავატარის მეორე ფილმი ჯეიკ სალისა (უორტინგტონი) და ნეიტირის (სალდანა) შვილებზე ფოკუსირდება.

"ჩვენ ახალგაზრდული ელემენტი აქამდე არ გვქონია და ეს ფილმს განსხვავებულ ენერგიას შესძენს. ისინი პანდორას [ფილმის უცხოპლანეტური რასის, ნა'ვის, მშობლიური პლანეტა] მომავალი თაობა არიან და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ — არა მხოლოდ ამ ფილმში, არამედ მთლიანად ფრენჩაიზში", — თქვა ლანდაუმ Entertainment Weekly-სთან საუბრისას.

ავატარი 2 კინოთეატრებში 2022 წლის დეკემბერში გამოვა.

ფოტო: 20th Century Fox