დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პირი, რომელსაც ტესტირების ჩატარებიდან მე-12 დღეს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება განმეორებითი ტესტირების გარეშე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, გაბუნიას თქმით, გამოჯანმრთელებამდე მინიმალური ხანგრძლივობა 13 დღეა — აქედან 10 დღე არის სიმპტომების, ხოლო სამი უსიმპტომობის პერიოდი.

"შესაძლოა საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება, კლინიკურად რამდენად მზადაა დაუბრუნდეს სოციალურ ცხოვრებას, თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით, ასეთი პაციენტები მე-14, მე-15 დღიდან, თუ სამი დღე არიან სიმპტომებისგან თავისუფალი, რისკს არ წარმოადგენენ", — აღნიშნა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 24-საათიან შუალედში ორჯერ ტესტის ჩატარების რეკომენდაცია საერთაშორისო დონეზე აღარ არის.

"ან ერთჯერადი ტესტირებით ან ტესტირების გარეშე პირს შეიძლება მიენიჭოს გამოჯანმრთელების სტატუსი, თუ სიმპტომებისგან თავისუფალი პერიოდი დადგენილია იმ დღეების მიხედვით, როგორც ამაზე შევთანხმდით", — განაცხადა გაბუნიამ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: