ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ძაალდობა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არის აგონიის და ძალაუფლების დაკარგვის ნიშანი.

კაპანაძე ვარაუდებს, რომ ხელისუფლება, წინა არჩევნების პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოიყენებს სხვადასხვა შეთითხნილ ჩანაწერს ოპონენტების წინააღმდეგ. მისი თქმით, მომავალში სწორედ ევროპული საქართველო იქნება გარანტი, რომ ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გამოიყენებს ამგვარი ტიპის ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე.

"ძალადობრივი კამპანია, რომელსაც ახლა ეწევა ხელისუფლება, არის აგონიის ნიშანი. ივანიშვილი ხვდება, რომ კარგავს ძალაუფლებას და ამიტომ აპირებს რომ გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი, მათ შორის ყველაზე არალეგალური მეთოდებიც. თუმცა, ეს ყველაფერი მისი მხრიდან იქნება წარუმატებელი და ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ მას შემდეგ რაც დამარცხდება ივანიშვილი და მას შემდეგ რაც დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები, არასოდეს საქართველოს ისტორიაში აღარ განმეორდეს მსგავსი ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი შემდეგ მთავრობაში.

არჩევნების დასრულებამდე, ბუნებრივია, არაფერი არ იქნება გამოძიებული და მოლოდინი იმისა, რომ რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილი თავისი თავის საწინააღმდეგოდ, არ არსებობს. ევროპული საქართველსოს ამოცანა არის სწორედ ეს, რომ ასეთი შერჩევითი მისადაგება კანონის აღარ განმეორდეს აღარასოდეს.

წინა არჩევნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყოველთვის წინასაარჩევნოდ იყენებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რაღაც შეთითხნილ ჩანაწერებს, იყენებს ძალადობას, მოსყიდვას და პირველ რიგში იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქედან გამომდინარე, არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის და სწორედ ამიტომ, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, სუს-ი უნდა დაიშალოს და იმ ფორმით, რომლითაც ის დღეს არის, აღარ უნდა იყოს და ყველა მსგავსი ძალადობრივი ქმედება და ნაბიჯი უნდა იქნას გამოძიებული და უნდა იქნას განთავისუფლებული გარემო ესეთი უხეში ჩარევისგან და ევროპული საქართველო იქნება ამის გარანტი შემდეგ მთავრობაში", — აცხადებს სერგი კაპანაძე.