რუსთავი 2-ის ქონებაზე დადებული ყადაღის გამო, ტელეკომპანია ვერ მიმართავს საბანკო/საფინანსო ინსტიტუციებს და პრობლემა ექმნება გარე გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რ2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა:

"უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, რაც რუსთავი 2-ის და ტვ საქართველოს მთელ ქონებას ადევს ყადაღა. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივმართოთ ნებისმიერ საბანკო, თუ საფინანსო ინსტიტუციას ოვერდრაფტისთვის, სესხისთვის და ა.შ. რასაც აკეთებს არა მხოლოდ ყველა ტელევიზია, არამედ ყველა ნორმალური, ჯანსაღი ბიზნესი მსოფლიოში. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ, პრაქტიკულად არც ერთხელ, არც ერთი დღით არ დაგვიგვიანია ხელფასის გაცემა. სამწუხაროდ, ვაგვიანებთ პერიოდულად ჩვენი ვალდებულებების შესრულებას კრედიტორების წინაშე. ახლა დადგა ის მომენტი, როცა ვაგვიანებთ ჩვენი საგადასახადო ტვირთის აღსრულებას და უკვე ერთი თვეა, რუსთავი 2-მა ვერ შეძლო დეკლარირებული გადასახადის სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხვა."

გვარამიას თქმით, ასეთ პირობებში, მალე დადგება მომენტი, როცა რ2 შიდა გადასახდების გადახდასაც ვერ შეძლებს:

"სამწუხაროდ, უზენაესმა სასამართლომ ვერ გამონახა დრო, ემსჯელა ჩვენს შუამდგომლობაზე - ვიდრე საქმე დასრულდებოდა ყადაღა მოხსნილიყო და შეგვძლებოდა გამართულად ფინანსური ოპერირება. აუცილებლად დავდგებით იმ მომენტის წინაშე, როცა ჩვენ გვექნება პრობლემები შიდა ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებითაც."

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ხელისუფლებასა და სასამართლოს მოუწოდებს, რ2-ის საქმის დასრულებამდე მოხსნან ყადაღა ტელეკომპანიის ქონებაზე:

"მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას - დაანებეთ რუსთავი 2-ს თავი! გადაწყვიტეთ რუსთავი 2-ის საქმე ობიექტურად! და ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოხსენით ყადაღა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ შეუძლებელი გახდეს ჩვენი ფინანსური საქმიანობა ისე, როგორც ეს შეეფერება ამხელა კომპანიას. ჩვენ ძალიან მაღალბიუჯეტიანი კომპანია ვართ, რომელიც ასაქმებს ათასამდე ადამიანს. ეს არის ათასი დასაქმებული ოჯახი საქართველოში."