თვითგამოცხადებული არცახის (ყარაბაღი) რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ საომარი მოქმედებების დროს სულ 31 სამხედრო დაკარგეს. როგორც რადიო თავისუფლების სომხური ბიურო იუწყება შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

ამასთან ყარაბაღში აცხადებენ, რომ სომხეთმა მანამდე დაკარგული პოზიციები აღიდგინა.

"კონტრშეტევის შედეგად მოწინააღმდეგემ დიდი ზარალი განიცადა როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის მხრივ", — ნათქვამია არცახის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყარაბაღში 550 სომეხი ჯარისკაცია გარდაცვლილი.

"აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", — განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს. გთავაზობთ დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში.